Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკა დემონსტრანტებს „უმკაცრესი ზომებით“ დაემუქრა


ალიაქსანდრ ლუკაშენკამ ბელარუსის სამართალდამცველი ორგანოების ხელმძღვანელებს უბრძანა, რომ სასტიკად გაუსწორდნენ იმ დემონსტრანტებს, რომლებიც „წითელ ხაზებს“ გადაკვეთენ და ხელით შეეხებიან სამხედრო მოსამსახურეებს.


„მე უკვე შენიშვნა მივეცი გენერლებს, რომ თუ ვინმე ხელით შეეხება სამხედრო მოსამსახურეებს, ის, სულ მცირე, იქიდან ხელის გარეშე უნდა წავიდეს. მე ამას ვამბობ საჯაროდ, რათა ყველამ გაიგოს ჩვენი შემდგომი სიმტკიცის შესახებ. მორჩა, ჩვენ უკან დასახევი აღარ გვაქვს და ჩვენ უკან დახევას არ ვაპირებთ. ვინც მზად ხართ, უნდა ვიმოქმედოთ“, - აღნიშნა ავტოკრატმა ლუკაშენკამ 30 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს პირად შემადგენლობასთან შეხვედრის დროს.



სიტუაციის უფრო მკაცრად გაკონტროლების მიზნით, ხუთშაბათს ლუკაშენკამ განახორციელა რამდენიმე ცვლილება. შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე დაინიშნა ივან კურბაკოვი, მინსკის პოლიციის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი.
ყოფილი მინისტრი, იური კარაევი კი ლუკაშენკამ დანიშნა თავის თანაშემწედ ჰროდნოს ოლქში, სადაც ძლიერი საყრდენი აქვს ოპოზიციას.



ამ ნაბიჯების ფონია უწყვეტი საპროტესტო აქციები, რაც მოჰყვა 9 აგვისტოს გამართულ არასამართლიან და არადემოკრატიულ საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელზეც გამარჯვებულად გამოცხადდა ალიაქსანდრ ლუკაშენკა.

ბელარუსის ოპოზიცია აცხადებს, რომ აგვისტოს კენჭისყრის შედეგები გააყალბეს და რომ ოპოზიციონერმა აქტივისტმა სვიატლანა ციხანოუსკაიამ გაიმარჯვა არჩევნებში.


მრავალკვირიანი საპროტესტო გამოსვლების განმავლობაში 12 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს, ასობით ადამიანი აწამეს, რამდენიმე დაიღუპა.


ევროკავშირი და აშშ ლუკაშენკას არ ცნობენ ლეგიტიმურ პრეზიდენტად.

ქვეყანაში კი არ წყდება საპროტესტო გამოსვლები, რასაც 25 ოქტომბრიდან, ოპოზიციის დევნილი ლიდერის, სვიატლანა ციხანოუსკაიას მოწოდების შემდეგ, დაემატა სტუდენტების, მუშებისა და სხვადასხვა საჯარო უწყების თანამშრომელთა გაფიცვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG