Accessibility links

site logo site logo

შალვა ნათელაშვილი: სახლში დარჩენა საუკუნოვანი დანაშაულის ტოლფასია


„ლეიბორისტების“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ არჩევნებზე არწასვლა და სახლში დარჩენა საუკუნოვანი დანაშაულის ტოლფასია და ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდებს:

„ისტორიული დღეა. სახლში დარჩენა საუკუნოვანი დანაშაულის ტოლფასია. ამიტომ, ყველა უბნებზე და ყველა გავხდეთ დღევანდელი დიდი გამარჯვების თანამონაწილე. არ დავიტოვოთ სანანებლად, რომ შეგვეძლო ჩვენი ხმა შეგვეშველებინა დიდი დიდგორისთავის, რომელიც დღეს იმართება ჩვენს ქვეყანაში. ყველა უბნებზე, მეგობრებო! და საღამოს სხვა საქართველოში შევაბიჯებთ“, - თქვა ნათელაშვილმა საარჩევნო უბნის დატოვების შემდეგ.

საქართველო დღეს მეათე მოწვევის პარლამენტს ირჩევს.

საპარლამენტო არჩევნებისთვის გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 უბანი და 127 სპეციალური უბანი კორონავირუსის გამო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის, რომლებიც ხმას გადასატანი ყუთებით მისცემენ.

საქართველოში საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს პირველივე ტურში გასამარჯვებლად სჭირდებათ ხმების 50%-ზე მეტი.

რაც შეეხება პროპორციულ სისტემას, 2020 წლის 29 ივნისს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, „საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1 პროცენტს მაინც მიიღებენ და იმ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებზე, რომელთა მიერ მიღებული ნამდვილი ხმების პროცენტული მაჩვენებელი 1 პროცენტისა და საარჩევნო ბლოკში შემავალი პოლიტიკური პარტიების რაოდენობის ნამრავლს მაინც შეადგენს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG