Accessibility links

ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ ქვეყანას ცვლილებების რეალური შანსი აქვს


პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ვაკის რაიონის მაჟორიტარი კანდიდატის, ელენე ხოშტარიას თქმით, დღევანდელი დღე და დღეს თითოეული მოქალაქის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, განსაზღვრავს საქართველოს მომავალს. ამის შესახებ მან საარჩევნო უბნიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა:

„მიუხედავად იმისა, რომ დღის განმავლობაში, „ქართული ოცნების“ მხრიდან ფიქსირდება მანიპულაციის მცდელობები, ხან ბიულეტენებზე 2 ნომერი მოახიეს, ხან ფული დაარიგეს, ცალკეული ძალადობის ფაქტებს ჰქონდა ადგილი, ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ სწორედ მოქალაქეები და მათი აქტიურობა განსაზღვრავს, თუ როგორ განვითარდება ჩვენი ქვეყანა. ჩვენ გვაქვს ძალიან რეალური შანსი ცვლილებების, ცვლილებების, რომელსაც ყველა მოქალაქე იგრძნობს. ყველას მოვუწოდებ, წავიდეს არჩევნებზე“.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციური პარტიების ერთი ნაწილი თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატებზე შეთანხმდა. ასეთი კანდიდატია ელენე ხოშტარიაც.

ვაკის რაიონში სულ 25 მაჟორიტარი კანდიდატი იყრის კენჭს.

ცოტა ხნის წინ, ელენე ხოშტარიამ საკუთარ ფეისბუკის გვერდზე პოსტი და ფოტო გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ ვაკეში, #54-ე უბანზე რეგისტრატორმა ისე მოხია ბიულეტენები, რომ მისი ნომერი და გვარი დაიკარგა. ბიულეტენებზე ელენე ხოშტარიას გვარი და სახელი სიის თავშია დაბეჭდილი.


„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის თქმით, ასევე გურჯაანის 31-ე უბანთან „ქართული ოცნების“ კომისიის წევრები ამომრჩეველს ბიულეტენს ისე აძლევენ, რომ ნომერი 2, „ევროპული საქართველოს“ ნომერი, მოხეული იყოს.

საქართველო დღეს მეათე მოწვევის პარლამენტს ირჩევს.

საპარლამენტო არჩევნებისთვის გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 უბანი და 127 სპეციალური უბანი კორონავირუსის გამო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის, რომლებიც ხმას გადასატანი ყუთებით მისცემენ.

საქართველოში საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს პირველივე ტურში გასამარჯვებლად სჭირდებათ ხმების 50%-ზე მეტი.

რაც შეეხება პროპორციულ სისტემას, 2020 წლის 29 ივნისს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებით „საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1 პროცენტს მაინც მიიღებენ და იმ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებზე, რომელთა მიერ მიღებული ნამდვილი ხმების პროცენტული მაჩვენებელი 1 პროცენტისა და საარჩევნო ბლოკში შემავალი პოლიტიკური პარტიების რაოდენობის ნამრავლს მაინც შეადგენს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG