Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი „აუცილებელ“ სამხედრო დახმარებას გაუწევს ერევანს, თუ საბრძოლო მოქმედებები სომხეთს მიუახლოვდება


ჟენევის მოლაპარაკების მონაწილეები
ჟენევის მოლაპარაკების მონაწილეები

რუსეთი აზერბაიჯანსა და სომხეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლად შეწყვიტონ ყველა სახის ძალადობა და აცხადებს, რომ „ყველა აუცილებელ დახმარებას გაუწევს ერევანს, თუ საბრძოლო მოქმედებებს უშუალოდ სომხეთის ტერიტორიაზე ექნება ადგილი“. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 31 ოქტომბრის განცხადებაში.

უფრო ადრე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სთხოვა რუსეთის პრეზიდენტს, უსაფრთხოების მხარდაჭერის მიზნით, „საგანგებო“ კონსულტაციების დაწყება.

„სომხეთის პრემიერ-მინისტრმა სთხოვა რუსეთის პრეზიდენტს, დაიწყოს საგანგებო კონსულტაციები იმ მიზნით, რომ განისაზღვროს დახმარების სახე და მოცულობა, რითაც რუსეთს შეუძლია სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფა“, - ნათქვამია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ამ განცხადების ფონია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული შეთანხმება ჟენევაში. საერთაშორისო შუამავლობის მონაწილეობით გამართული მოლაპარაკების დროს მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლის არიდების მიზნით შეამცირებენ ბრძოლის ინტენსივობას მთიანი ყარაბაღის გარშემო.

კერძოდ, ერევანი და ბაქო შეთანხმდნენ, განახორციელონ რამდენიმე დაუყოვნებლივი ნაბიჯი: არ განახორციელონ წინასწარ განზრახული დარტყმები სამოქალაქო ობიექტებზე, ბრძოლის ველზე დაღუპულთა გვამები შეაგროვონ და გაცვალონ, და ერთი კვირის განმავლობაში გაცვალონ დატყვევებული სამხედროების სიები, რათა მოხდეს მათი გაცვლა. ჩეიჰუნ ბაირამოვს და ზოჰრაბ მნაცაკანიანს შორის შეთანხმება ეხება ასევე ურთიერთობას ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობის მექანიზმების გარშემო.

ამის თაობაზე განცხადება გაკეთდა მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მიერ, სომხეთისა და აზერბაიჯანის მინისტრების შეხვედრის შემდეგ.

მთიანი ყარაბაღის ტერიტორია საერთაშორისო სამართლით აზერბაიჯანის კუთვნილებაა, მაგრამ მას აკონტროლებენ სომხური ძალები, რომლებიც იქ უმრავლესობას წარმოადგენენ. სეპარატისტულმა ძალებმა სომხეთის დახმარებით აზერბაიჯანის არმიასთან 1990-იანი წლების ომის შემდეგ, კონტროლი დააწესეს საკუთრივ რეგიონზე და მიმდებარე მიწებზე.

27 სექტემბერის დაწყებულ სამხედრო მოქმედებების დროს ასეულობით ადამიანი დაიღუპა. ორჯერ რუსეთის და ერთხელ აშშ-ის შუამავლობით მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას შედეგი არ მოჰყოლია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG