Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნების დაწყების შემდეგ პოლიციამ გამოძიება დაიწყო სავარაუდო დანაშაულის 6 ფაქტზე


საქართველოს შსს-ს მიერ 15:00 საათისთვის გამოქვეყნებული მონაცემებით, არჩევნების დღეს გამოძიება დაწყებულია სავარაუდო დანაშაულის 6 ფაქტზე - სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) და 162-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით (კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას, ან მიმდებარე ტერიტორიაზე ძალადობა, ან ძალადობის მუქარა ჯგუფურად).

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია:

თბილისში, მეორმოცე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტ ზვიად კუპრავას მიმართ განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე (126-ე მუხლი);

ქუთაისში, 37-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე „ლეიბორისტების“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა, ირაკლი კიკვაძემ განაცხადა, რომ უცნობმა პირებმა მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა (162-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილი);

თბილისის ისნის 39-ე, მარნეულის რაიონის სოფელ დაშტაფის 52-ე და სოფელ ყიზილაჯლოს 89-ე საარჩევნო უბნებზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტებზე (126-ე მუხლი).

მარნეულში დაპირისპირება მოჰყვა უბნიდან დამკვირვებლების გამოძევებას.

რაც შეეხება გავრცელებულ ცნობებს ცალკეულ რეგიონებში საპოლიციო ძალების და ტექნიკის მობილიზების შესახებ, შს-თა მინისტრის მოადგილის, ნინო ცაციაშვილის განცხადებით, სამინისტროს პასუხისმგებელია ქვეყანაში უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვაზე და საპოლიციო ძალების გადანაწილება ქვეყნის მასშტაბით მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

შსს მიმართავს საარჩევნო პროცესში ჩართულ პირებსა და ორგანიზაციებს, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა, დაიცვან კანონი და საჭიროების შემთხვევაში პოლიციას მიმართონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG