Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისის მერობის ლეიბორისტი კანდიდატი ცემაში ადანაშაულებს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს


ქუთაისში, 37-ე საარჩევნო უბანთან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს „ლეიბორისტული პარტიის“ მერობის კანდიდატს, ირაკლი კიკვაძეს.

პარტიის წევრმა გაგი ახალაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ირაკლი კიკვაძე უბანზე მივიდა მას შემდეგ, რაც აცნობეს, რომ პარტიის წარმომადგენელს ხელს უშლიდნენ. ადგილზე სიტუაციის გასარკვევად მისულს, სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და ე.წ. შავი სამყაროს წარმომადგენლები.

ახალაძის ინფორმაციით, კიკვაძეს, რომელსაც თავს დაესხა ოცამდე ადამიანი, სახეზე დაზიანებები აქვს. „ლეიბორისტული პარტიის“ კანდიდატს სოლიდარობა გამოუცხადეს სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა.

თავის მხრივ, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები პროვოკაციაში ადანაშაულებენ "ლეიბორისტული პარტიის" წევრებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი კიკვაძის განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით - კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას, ან მიმდებარე ტერიტორიაზე ძალადობა, ან ძალადობის მუქარა ჯგუფურად.

31 ოქტომბერს, ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის არჩევნების გარდა, ტარდება მერის რიგგარეშე არჩევნები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG