Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საოლქო საარჩევნო კომისიებში ამ დროისათვის 90 საჩივარია შესული


საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის, ანა მიქელაძის თანახმად, ამ დროისათვის საოლქო საარჩევნო კომისიებში ჯამში 90 საჩივარია შესული, რომელთა ძირითადი ნაწილი პროცედურულ ხარვეზებს შეეხება:

„მაგალითისათვის, ეს არის წილისყრის პროცედურების დარღვევა, საკონტროლო ფურცლის არასწორი შევსება, სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოების წესების დარღვევა და სხვა ტიპის ხარვეზები და თითოეულ საჩივარს, რა თქმა უნდა, კანონით დადგენილ ვადებში საოლქო საარჩევნო კომისიები შეისწავლიან და შესაბამის რეაგირებას მოახდენენ“, - განაცხადა ანა მიქელაძემ. მისი თქმით, რამდენიმე საჩივარი შეეხებოდა მარკირების წესის დარღვევასაც, თუმცა გადასამოწმებელია, რა იგულისხმებოდა დარღვევაში.

საქართველო დღეს მეათე მოწვევის პარლამენტს ირჩევს.

საპარლამენტო არჩევნებისთვის გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 უბანი და 127 სპეციალური უბანი კორონავირუსის გამო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის, რომლებიც ხმას გადასატანი ყუთებით მისცემენ.

საქართველოში საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს პირველივე ტურში გასამარჯვებლად სჭირდებათ ხმების 50%-ზე მეტი.

რაც შეეხება პროპორციულ სისტემას, 2020 წლის 29 ივნისს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებით „საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1 პროცენტს მაინც მიიღებენ და იმ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებზე, რომელთა მიერ მიღებული ნამდვილი ხმების პროცენტული მაჩვენებელი 1 პროცენტისა და საარჩევნო ბლოკში შემავალი პოლიტიკური პარტიების რაოდენობის ნამრავლს მაინც შეადგენს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG