Accessibility links

site logo site logo

გამართლდა პროვოკაციებზე ინფორმაცია, რომელიც გვქონდა „ნაცმოძრაობის“ გლდანის შტაბიდან - მდინარაძე


„ქართული ოცნების“ ლიდერი, მამუკა მდინარაძე ეხმიანება გლდანში მიმდინარე ფიზიკურ დაპირისპირებას და აცხადებს, რომ გამართლდა ინფორმაცია „ნაცმოძრაობის“ გლდანის შტაბიდან, რომლის თანხმად, პარტია პროვოკაციებს გეგმავდა.

„ჩვენ გვქონდა ინფორმაცია „ნაცმოძრაობის“ შტაბებიდან, რომ ისინი გლდანის რაიონში აპირებდნენ ზონდერების მობილიზებას და მათ გააქტიურებას. ჩვენი ვარაუდი და ინფორმაცია, რომელიც გვქონდა „ნაცმოძრაობის“ გლდანის შტაბიდან, 100%-იანი სიზუსტით გამართლდა“, - აცხადებს მდინარაძე.

მისი თქმით, გლდანის მაჟორიტარი კანდიდატის, „ნიკა მელიას მთავარი ზონდერი“ ირაკლი ეძგვერაძე, ზედმეტსახელად „ჭყიპინა“, მთელი დღის განმავლობაში უბნებზე დადიოდა და აგინებდა და ემუქრებოდა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს.

მდინარაძის მტკიცებით, ეძგვერაძე ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტია, გლდანში მას იცნობენ როგორც ე.წ. ძველ ბიჭს და ავტორიტეტს. მდინარაძის ინფორმაციით, ის უკვე დააკავეს დაპირისპირების დროს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები კი აცხადებენ, რომ გლდანში მელია იგებს და ამის გამო ხდება ფიზიკური დაპირისპირება.

გლდანში რამდენიმე საათის წინ დაპირისპირება დაიწყო, სავარაუდოდ, „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ატივისტებს შორის. თავს დაესხნენ ჟურნალისტებსაც, მათ შორის, „პუბლიკის“ რეპორტიორს, რომელსაც დაუზიანეს ტექნიკა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG