Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადამიანის უფლებათა ცენტრი: შემაშფოთებელია კოორდინატორების აქტიურობა და ამომრჩევლების კონტროლის მცდელობა


ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, როგორც საარჩევნო უბნების 25-მეტრიან რადიუსში, ასევე მის გარეთაც, შეინიშნებოდა „საარჩევნო სუბიექტების, განსაკუთრებული ოდენობით კი - მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ კოორდინატორების მობილიზება“.

დამკვირვებლების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ალეკო ცქიტიშვილი აცხადებს, რომ „კოორდინატები აღწერენ მოსულ ამომრჩევლებს, ნიშნავენ თავიანთ სიებში, ესაუბრებიან და ზოგჯერ ამ საუბარს აგიტაციის ფორმა აქვს. მსგავსი ფაქტები, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, ხელს უშლის საარჩევნო პროცესში მოქალაქეთა თავისუფალი ნების გამოვლენას“.

კანონმდებლობაში 2020 წლის ივლისში შესული ცვლილებების თანახმად, კენჭისყრის შენობაში და შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე 25-მეტრიან რადიუსში იკრძალება ამომრჩევლის შეფერხება (საარჩევნო კოდექსი, 45-ე მუხლი, მე-12 პუნქტი).

ამავე ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისიამ გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაზარლოს N40 საარჩევნო უბანზე, კენჭისყრის შენობაში, შესასვლელთან ახლოს შენიშნა მაგიდასთან მსხდომი პირები, რომლებსაც ჰქონდათ სიები. მათგან ერთის სამკერდე ნიშნის მიხედვით, ის წარმოადგენდა ორგანიზაციას „ახალგაზრდული ცენტრი საქართველო“. ეს პირები „აჩერებდნენ კენჭისყრის შენობაში შემოსულ ამომრჩევლებს და იწერდნენ მათ სახელს და გვარს. მსგავსი მოქმედებები შეიცავს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენაზე ზემოქმედების ნიშნებს“.

ამ პირებმა ტერიტორია მას შემდეგ დატოვეს, რაც ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის მითითებით, მათ ეს კომისიის თავმჯდომარემ მოსთხოვა. „მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ჰქონდა ადეკვატური რეაგირება ამ ფაქტზე“, - აცხადებს ორგანიზაცია.

ადამიანის უფლებათა ცენტრი ასახელებს 31 ოქტომბერს გამოვლენილ კიდევ არაერთ ფაქტს და ასე მაგალითად:

  • ბათუმი. 28.79.19 საარჩევნო უბანზე მყოფი ორი პარტიული დამკვირვებელი ინიშნავდა მოსული ამომრჩევლების სახელებსა და გვარებს, რაზეც თავმჯდომარეს ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა სთხოვა, მოეხდინა რეაგირება, რადგან ეს ქმედება შესაძლოა, შეიცავდეს ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების ნიშნებს. თავმჯდომარემ რეაგირება არ მოახდინა და განაცხადა, რომ პირიქით, ეს ქმედება უბანს შესაძლო ე.წ. კარუსელისგან დაიცავდა. დამკვირვებელმა დაწერა საჩივარი.
  • ბოლნისი. 14.23.51 საარჩევნო უბანზე დილიდან იყო ქაოსური სიტუაცია. ეზოში მობილიზებული იყო ადამიანების ჯგუფი, რომლებმაც გააკეთეს ე.წ. კორიდორი. ნაწილი შემოდიოდა საარჩევნო უბანზე, თითქოსდა კონკრეტული ამომრჩევლის დასახმარებლად და ქმნიდა არეულობას. თავმჯდომარე სათანადოდ არ რეაგირებდა ამ დარღვევებზე, არ უზრუნველყოფდა უბანზე მშვიდ გარემოს და არ ახდენდა საარჩევნო უბნის ეზოში ამომრჩევლის ნებაზე ზეწოლის პრევენციას.
  • მარნეული. 13.22.72 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის მიმდინარეობისას, 12:00 საათზე სადემონსტრაციო ოქმში თავმჯდომარემ მიუთითა, რომ ამ დროისთვის მოსული ამომრჩევლების რაოდენობა არის 270, მაგრამ რეალურად, რეგისტრატორებს ხელმოწერების რაოდენობა არ გადაუთვლიათ. თავმჯდომარის განცხადებით, მან სავარაუდო რიცხვი მიუთითა. დამკვირვებლის მოთხოვნის შემდეგ გადაითვალეს ხელმოწერები და დაფიქსირდა, რომ 257 ამომრჩეველი იყო მისული უბანზე.

ორგანიზაციის მეთვალყურეებმა გამოავლინეს ასევე არაერთი ფაქტი, რაც საარჩევნო კომისიის წევრების არასათანადო კვალიფიკაციაზე მეტყველებს და ასევე გამოვლინდა არაერთი ფაქტი, როდესაც COVID-19-თან დაკავშირებული უსაფრთხოების წესები დაირღვა - „კომისიის ერთ-ერთი წევრი, ცესკოს დადგენილებით განსაზღვრული წესების დარღვევით ატარებდა პირბადეს და, ამასთან, საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩევლებს საარჩევნო ბიულეტენებს თითის ნერწყვით დასველების შემდეგ გადასცემდა“.

ასევე, ხალხმრავლობის გამო, ხშირად ირღვეოდა უსაფრთხოებისთვის აუცილებელი დისტანცია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG