Accessibility links

site logo site logo

კაზრეთის მე-11 უბანზე რამდენიმე ამომრჩეველი გაშლილი ბიულეტენით გამოვიდა


ბოლნისის რაიონის დაბა კაზრეთის მე-11 საარჩევნო უბანზე დამკვირვებლებმა შენიშნეს, რომ რამდენიმე მოქალაქე ხმის მიცემის შემდეგ კაბინიდან გაშლილი ბიულეტენით გამოვიდა. „სამოქალაქო პლატფორმა 2020“-ის წარმომადგენელმა ბოლნისში ირაკლი ფავლენიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მათმა დამკვირვებელმა დაინახა, როგორ ჰქონდა რამდენიმე მოქალაქეს გაშლილ ბიულეტენზე შემოხაზული რიცხვი 41. მან ამ ფაქტის გამო ოფიციალური საჩივარიც დაწერა.

გაშლილი ბიულეტენით კაბინიდან გამოსვლის ფაქტი რადიო თავისუფლებასთან დაადასტურა ამ უბნის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თენგიზ ასლანიშვილმაც: „მე ყველას ვაფრთხილებ, ბიულეტენი დაკეცილი გამოიტანონ, მაგრამ ხალხი ჭრელია და ყველას ვერ გააგებინებ, ხდება რა, რამდენიმე იყო”.

დაბა კაზრეთის საარჩევნო უბნებზე ასეთი ფაქტების შესაძლებლობის შესახებ რადიო თავისუფლებას ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ მიაწოდეს. ოქროს მომპოვებელი კომპანია „არემჯი ჯგუფის” თანამშრომელმა კონფიდენციალურობის დაცვის პირობით რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ კომპანიის ხელმძღვანელობა თანამშრომლებს მოუწოდებდა, არჩევნების დღეს კაბინიდან გაშლილი ბიულეტენი გამოეტანათ, სადაც „ქართული ოცნების” საარჩევნო ნომერი იქნებოდა შემოხაზული. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ.

კაზრეთის საარჩევნო უბნებში ასეთი ტიპის დარღვევების დაფიქსირების შესახებ თავისუფლებას დღეს რამდენიმე დამოუკიდებელმა წყარომ დაუდასტურა.

„ახლა მოვდივარ კაზრეთის უბნებიდან, აი, ასე, ბიულეტენები უკავიათ ხელში და აჩვენებენ, რომელი ნომერი აქვთ შემოხაზული და ასე გაივლიან, ჩათვალეთ, რომ მთელი არემჯის თანამშრომლები ღიად აწერენ ხელს და აძლევენ ხმას. თანამშრომლები არიან ზეწოლის ქვეშ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას დალი მამულაშვილმა, რომელიც „პატრიოტთა ალიანსის” ბოლნისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეა და თვითონაც კომპანია „არემჯიში“ მუშაობს.

„არემჯი ჯგუფი“ რეგიონის ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია, იქ დაახლოებით 3 ათასი ადამიანი მუშაობს, მათი უმრავლესობა სწორედ დაბა კაზრეთის სამ საარჩევნო უბანზე აძლევს ხმას. რადიო თავისუფლებას წყარო „არემჯიდან“ უყვება, რომ პირველად გაშლილი ბიულეტენით კაბინიდან გამოსვლა 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნებზე მოსთხოვეს, მაშინ ცესკოს მონაცემებით კაზრეთის ყველა უბანზე დიდი უპირატესობით გაიმარჯვა „ქართული ოცნების” მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა.

„არემჯი ჯგუფის” ხელმძღვანელი პირები „ქართული ოცნების” შემომწირველები არიან, მათ ბოლო სამი წლის განმავლობაში ჯამში რამდენიმე ასეული ათასი ლარი შესწირეს მმართველ პარტიას.

„არემჯი ჯგუფში“ რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ კომპანიას თანამშრომლებისთვის „ქართული ოცნების” მხარდაჭერისკენ არ მოუწოდებია, ზეწოლას გამორიცხავენ, მმართველი პარტიის მიმართ განხორციელებული შემოწირულებები კი თანამშრომლების, როგორც ფიზიკური პირების შენატანია და არა - კომპანიის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG