Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანა მიქელაძე: დაპირისპირება საარჩევნო უბნების გარეთ შეიცავს უბნის შიგნით პროცესებზე ზეგავლენის რისკს


საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის ანა მიქელაძის განმარტებით, საარჩევნო უბნებს გარეთ ფიქსირდება დაპირისპირება პოლიტიკური სუბიექტების მხარდამჭერებს შორის, რაც გარკვეულწილად შეიცავს უბნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე ზეგავლენის რისკს:

„შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ყველა პოლიტიკურმა მხარემ უზრუნველყოს სიმშვიდის დაცვა, აღიარებული ეთიკური ნორმების პატივისცემა და ხელი შეუწყონ კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობას“, - განაცხადა პრესსპიკერმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე.

საქართველო დღეს მეათე მოწვევის პარლამენტს ირჩევს. რამდენიმე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მათ შორის გლდანში, არსებული ინფორმაციით, იარაღის გამოყენების ფაქტსაც ჰქონდა ადგილი.

საპარლამენტო არჩევნებისთვის გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 უბანი და 127 სპეციალური უბანი კორონავირუსის გამო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის, რომლებიც ხმას გადასატანი ყუთებით მისცემენ.

საქართველოში საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს პირველივე ტურში გასამარჯვებლად სჭირდებათ ხმების 50%-ზე მეტი.

რაც შეეხება პროპორციულ სისტემას, 2020 წლის 29 ივნისს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებით „საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1 პროცენტს მაინც მიიღებენ და იმ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებზე, რომელთა მიერ მიღებული ნამდვილი ხმების პროცენტული მაჩვენებელი 1 პროცენტისა და საარჩევნო ბლოკში შემავალი პოლიტიკური პარტიების რაოდენობის ნამრავლს მაინც შეადგენს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG