Accessibility links

logo-print logo-print

საია: საარჩევნო ადმინისტრაციამ ვერ შეძლო ოპერატიულობისა და ღიაობის მაღალი სტანდარტის ჩვენება


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა ცესკოს მიერ შემაჯამებელი ოქმების გამოქვეყნების გაჭიანურებას. საიას შეფასებით, "საარჩევნო ადმინისტრაციამ ვერ შეძლო ოპერატიულობისა და ღიაობის მაღალი სტანდარტის ჩვენება", რამაც მოქალაქეებში კითხვები და მანიპულაციის განცდა გააჩინა საპარლამენტო არჩევნების შედეგების გარშემო.

გთავაზობთ განცხადების ტექსტს სრულად:

"საარჩევნო პროცესების სანდოობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კენჭისყრის ყველა ეტაპზე საზოგადოების სათანადო ინფორმირებულობას. ამის უზრუნველყოფა საარჩევნო ადმინისტრაციას ეკისრება. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩნდება უკმაყოფილება და უნდობლობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების შესახებ დროული და მაქსიმალურად სრული მონაცემების გავრცელება. ამის გათვალისწინებით, კანონის შესაბამისად, ცესკო ვალდებულია საოლქო საარჩევნო კომისიებიდან მიღებული შედეგები განათავსოს ვებგვერდზე, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მათი გაცნობა. სამწუხაროდ, საარჩევნო ადმინისტრაციამ ვერ შეძლო ოპერატიულობისა და ღიაობის მაღალი სტანდარტის ჩვენება, რის გამოც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნების პროცესმა მოქალაქეებში კითხვის ნიშნები და მანიპულაციის განცდა გააჩინა. ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა საარჩევნო ადმინისტრაცია შემაჯამებელი ოქმების საკუთარ ვებგვერდზე ოპერატიულ განთავსებას უზრუნველყოფდეს".

საია აცხადებს, რომ განაგრძობს დაკვირვებას არჩევნების შედეგების შეჯამების პროცესზე და დასკვნას საზოგადოებას მოგვიანებით გააცნობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG