Accessibility links

logo-print logo-print

ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნების“ მანდატების რაოდენობა პარლამენტში 92-მდე გაიზრდება


ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის გათვლებით, „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში 92 მანდატი ექნება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დათვლილი 3000-ზე მეტი უბნის მონაცემების მიხედვით, ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას“ პროპორციული წესით უკვე 62 მანდატი აქვს, მაჟორიტარული წესით კი 14, რაც მთლიანობაში ქმნის 76-ს, ანუ იმდენს, რამდენიც უკვე საკმარისია უმრავლესობის შესაქმნელად და მთავრობის ჩამოსაყალიბებლად:

„ანუ 76 მანდატი ნიშნავს იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უკვე პირველივე ტურში მოიპოვა დამაჯერებელი უმრავლესობა, აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში და, შესაბამისად, „ქართული ოცნება“ ერთპარტიულად ჩამოაყალიბებს მთავრობას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება. დარჩენილია 16 გაუნაწილებელი მანდატი და ეს 16-ვე მანდატი ამ შედეგების მიხედვით სწორედ მიეკუთვნება „ქართულ ოცნებას“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ. მან აღნიშნა, რომ მეორე ტურში „ქართული ოცნება“ 16-ვე საარჩევნო ოლქში მიაღწევს დამაჯერებელ გამარჯვებას:

„შესაბამისად, ჩვენი დასაბუთებული მოლოდინი არის ის, რომ საბოლოო ჯამში „ქართული ოცნების“ მანდატების რაოდენობა პარლამენტში გაიზრდება 92 მანდატამდე. ეს არის პრაქტიკულად გარანტირებული იმ მონაცემებით, რომლებიც არის წარმოდგენილი თქვენს წინაშე“, - განაცხადა არჩევნების პირველად შედეგებზე დაყრდნობით ირაკლი კობახიძემ.

ამ დროისათვის „ქართული ოცნება“ პროპორციული წესით 48,27 %-ით ლიდერობს, ბარიერი კი 9 პარტიამ გადალახა.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართა. არჩევნებში 48 პარტია და ორი ბლოკი მონაწილეობდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG