Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეიდან ბელარუსი ნაწილობრივ კეტავს საზღვრებს


პოლონეთ-ბელარუსის სასაზღვრო მონაკვეთი, ბრუზგი-კუზნიცა
პოლონეთ-ბელარუსის სასაზღვრო მონაკვეთი, ბრუზგი-კუზნიცა

ბელარუსის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ 1 ნოემბრიდან ნაწილობრივ დაიკეტება სახმელეთო საზღვრები და ქვეყანაში აიკრძალება მეზობელი სახელმწიფოების გავლით „უცხოელი მოქალაქეებისა და ბელარუსის მოქალაქეობის არმქონე პირების“ შეშვება.

მინსკი ამ გადაწყვეტილებას ხსნის ქვეყანაში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობით.

ბელარუსს სახმელეთო საზღვარი აქვს ლატვიასთან, ლიეტუვასთან, პოლონეთთან, უკრაინასა და რუსეთთან. ამასთან, საჰაერო საზღვარი კვლავ ღია რჩება რუსეთთან, ბელარუსის სტრატეგიულ პარტნიორთან. ამ ქვეყნის მოქალაქეებს შეეძლებათ, ბელარუსის გავლით იფრინონ რუსეთში მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან.

ქვეყნის სასაზღვრო უწყების ცნობით, გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებს, მათ შორის, დიპლომატებსა და ოფიციალურ სტუმრებს, ექნებათ საჰაერო გზით ბელარუსში შესვლის უფლება.

ბელარუსის მიერ სახმელეთო საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილებამ ოპონენტებში გააჩინა ეჭვი, რომ კორონავირუსის პანდემია მხოლოდ საბაბია, იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლება ცდილობს ჩაახშოს ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო ტალღა.

დევნილობაში მყოფმა ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვიატლანა ციხანოუსკაიამ, რომელიც თავს 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად მიიჩნევს, საზღვრის ნაწილობრივ ჩაკეტვას უწოდა ნიშანი იმისა, რომ „ლუკაშენკა პანიკაშია“.

ბელარუსში არ წყდება საპროტესტო აქციები, რაც მოჰყვა 9 აგვისტოს გამართულ არასამართლიან და არადემოკრატიულ საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელზეც გამარჯვებულად გამოცხადდა ალიაქსანდრ ლუკაშენკა.

ბელარუსში მილიციამ სულ მცირე 8 ადამიანი დააკავა შაბათის ტრადიციულ ქალთა მარშზე, რომელსაც 31 ოქტომბერს შეუერთდნენ ასევე უნარშეზღუდული პირებიც.

ბელარუსის ოპოზიცია აცხადებს, რომ აგვისტოს კენჭისყრის შედეგები გააყალბეს და რომ არჩევნებში ოპოზიციონერმა აქტივისტმა სვიატლანა ციხანოუსკაიამ გაიმარჯვა.

მრავალკვირიანი საპროტესტო გამოსვლების განმავლობაში 12 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს, ასობით აწამეს, რამდენიმე დაიღუპა.

ევროკავშირი და აშშ ლუკაშენკას არ ცნობენ ლეგიტიმურ პრეზიდენტად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG