Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არმაზ ახვლედიანი: გვქონდა მოლოდინი, რომ ივანიშვილი იკადრებდა, მაგრამ ამდენს არა


არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი

"ევროპული საქართველოს" წარმომადგენლის, ბათუმის ოლქში მაჟორიტარული დეპუტატობის კანდიდატის არმაზ ახვლედიანის განცხადებით, 31 ოქტომბერს საქართველოს საზოგადოების დიდ ნაწილს წაერთვა არჩევანის ნორმალურ ვითარებაში გაკეთების შესაძლებლობა და საბოლოო ჯამში ამ ვითარებაში გაკეთებული არჩევანიც წაერთვა. მისი განცხადებით, ხელისუფლებამ ამომრჩევლის ხმების 3-4 პროცენტი მიიტაცა. „გვქონდა მოლოდინი, რომ ივანიშვილი იკადრებდა, მაგრამ ამდენს არა“, - განაცხადა რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ არმაზ ახვლედიანმა:

„შეუძლებლად მიმაჩნდა იმის წარმოდგენა რაც მოხდა ბათუმში, მაგალითად, სადაც მე ვიყავი ლოკალურად. დაშინებით მანიპულაციებით ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით ხელისუფლებამ დანაშაულებრივი გზით მიიტაცოს 3-4 პროცენტი. ეს არის დანაშაული, მაგრამ ის, რაც გააკეთა ამჯერად ივანიშვილმა ეს არის ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობის ნების გადახაზვა უბრალოდ. უბრალოდ აიღო და თამარ ჟვანიასთან ერთად, მის დაჯგუფებასთან ერთად, ამ ბატონებმა მიიტაცეს ძალაუფლება და ახლა უნდათ, რომ ოპოზიციამ და საერთაშორისო თანამეგობრობამ ამაზე თანხმობა მისცეს, დაამოწმოს ეს. როგორ შეიძლება რომ აქ ჩვენ მწვანე ავუნთოთ "ქართულ ოცნებას", რომელმაც წინა წლების განმავლობაში უბრალოდ გაგვიუქმა საქართველოში დემოკრატია“, - აღნიშნა არმაზ ახვლედიანმა, რომლის შეფასებითაც პროდასავლური ოპოზიცია კიდევ უფრო რთული არჩევანის წინაშე დგას, ვიდრე ეს 31 ოქტომბრამდე იყო.

„ჩვენ თუ პასუხისმგებლობით მივუდგებით ამ საკითხს, აღმოვაჩენთ ელემენტარულად რომ ჩვენ სხვა გზა არ გვრჩება, თუ არა იმის აღიარება, რომ ეს არჩევნები ვერ უნდა ჩაითვალოს ლეგიტიმურად ერთი მხრივ, და მეორე მხრივ, აქედან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ. დიახ ევროპული საქართველო დღეს იტყვის თავისი გადაწყვეტილების შესახებ“, - განაცხადა რადიო „თავისუფლების დილის საუბრებში“ არმაზ ახვლედიანმა.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აპროტესტებენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებს, რომლის მიხედვითაც, "ქართული ოცნება", დიდი ალბათობით, ხელისუფლებას კოალიციის გარეშე დააკომპლექტებს. პარტიები მიიჩნევენ, რომ არა დარღვევები, "ქართული ოცნება" უმრავლესობაში ვეღარ მოვიდოდა.

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა დააანონსა, რომ არ შევა 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეულ პარლამენტში. ამ საკითხზე "ევროპული საქართველოს" გადაწყვეტილება დღეს, 2 ნოემბერს, გახდება ცნობილი. პარტიას არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, ხმა ამომრჩეველთა 3, 78 %-მა მისცა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG