Accessibility links

ჩუგოშვილი: მეორე ტურებში მონაწილეობაზე უარს ვერც ამომრჩეველი გაიგებს და ვერც საერთაშორისო პარტნიორები


თამარ ჩუგოშვილი

საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, 31 ოქტომბრის არჩევნებს საერთაშორისო ლეგიტიმაცია უკვე აქვს და ამ პირობებში მეორე ტურებში მონაწილეობაზე უარს ვერც ამომრჩეველი გაიგებს და ვერც საერთაშორისო პარტნიორები. მისივე აზრით, ოპოზიციამ ასევე შეცდომა არ უნდა გაიმეოროს და უარი არ უნდა თქვას პარლამენტში შესვლაზე:

„არ შეიძლება, ხელისუფლება მარტო დატოვო პარლამენტში ყოველგვარი ოპონირების და კონკურენციის გარეშე (ეს უკვე ვქენით ერთხელ და კარგით არაფრით დასრულდა). დღეს ოპოზიციას იმაზე მეტი მანდატი აქვს მოპოვებული, ვიდრე ოდესმე და დღევანდელი კანონმდებლობით არსებული საკონტროლო მექანიზმების გათვალისწინებით, პარლამენტში ეს მანდატები იმაზე დიდი ძალაა, ვიდრე ოდესმე”, - წერს თამარ ჩუგოშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე და აღნიშნავს, რომ შექმნილ ვითარებაში მთავარია, პარტიებმა ყველაფერი გააკეთონ ხმების სწორად დასათვლელად:

„2 მილიონი ამომრჩეველი, ვირუსის საფრთხის ქვეშ, რისკის ფასად, მივიდა არჩევნებზე და დააფიქსირა პოზიცია. ვიდრე პარტიები იტყვიან, რომ ეს დღეს არ ითვლება, ჯერ უნდა გააკეთონ ყველაფერი, იმისთვის, რომ სწორად დაითვალოს მონაცემები და თუ სადმე პრობლემა იყო ან გადაითვალოს ის უბნები ან გაბათილდეს იმ კონკრეტულს უბნებზე შედეგები, ზოგ შემთხვევაში კი შეიძლება თავიდანაც ჩატარდეს. ჯერჯერობით ეს მცდელობები არ ჩანს”, - აღნიშნავს თამარ ჩუგოშვილი.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აპროტესტებენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებს, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნება“, დიდი ალბათობით, ხელისუფლებას კოალიციის გარეშე დააკომპლექტებს. პარტიების აზრით, რომ არა დარღვევები, „ქართული ოცნება“ უმრავლესობაში ვეღარ მოვიდოდა. პარტიები არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ და შესაძლოა უარი განაცხადონ პარლამენტში შესვლასა და მეორე ტურებში მონაწილეობაზე. 8 ნოემბერს ისინი მორიგი საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG