Accessibility links

გიორგი კახიანი: იმედი მაქვს, ოპოზიცია გონს მოეგება


გიორგი კახიანი

მე იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ და ისინი დაუბრუნდებიან საარჩევნო რეჟიმს, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრმა გიორგი კახიანმა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას ოპოზიციის მიერ გამოცხადებული საპარლამენტო ბოიკოტის შესახებ. გიორგი კახიანის თქმით, ეს არის ერთადერთი კონსტიტუციური გზა, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობამ ლეგიტიმურად ცნო არჩევნების პირველი ტური:

„ამ ფონზე სრულიად აბსურდული ჩანს მათი პოზიცია და იმედი მაქვს, რომ გონს მოეგებიან და დაუბრუნდებიან როგორც საარჩევნო რეჟიმს, მერე საპარლამენტო საქმიანობაში მიიღებენ მონაწილეობას“, - განაცხადა გიორგი კახიანმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე. ამავე ბრიფინგზე მან განაცხადა, რომ ოპოზიციის ბოიკოტი სამართლებრივად მეორე ტურის გამართვას და შემდგომში პარლამენტის ფუნქციონირებას ხელს ვერ შეუშლის:

„თქვენ იცით, რომ პირველი ტური უკვე არის სრულიად ლეგიტიმური და მათ შორის საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ არის აღიარებული და პარლამენტის ფუნქციონირებასაც, თეორიულად თუ დავუშვებთ, რომ ოპოზიცია გადაწყვეტს, რომ მისი ბლოკირება მოახდინოს, ვერანაირად ხელი ვერ შეეშლება. პარლამენტი ჩვეულებრივად იფუნქციონირებს და ამ თვალსაზრისით საპარლამენტო საქმიანობას ვერანაირი შეფერხება ვერ შეექმნება“, - აღნიშნა გიორგი კახიანმა.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აპროტესტებენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებს, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნება“, დიდი ალბათობით, ხელისუფლებას კოალიციის გარეშე დააკომპლექტებს. პარტიების აზრით, რომ არა დარღვევები, „ქართული ოცნება“ უმრავლესობაში ვეღარ მოვიდოდა. პარლამენტის ბოიკოტირების შესახებ განცხადებები ამ დროისთვის უკვე გააკეთეს „ევროპულმა საქართველომ“, „ლეიბორისტულმა პარტიამ“ და „პატრიოტთა ალიანსმა“. ოპოზიციური პარტიები 8 ნოემბერს მორიგი საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG