Accessibility links

logo-print logo-print

მინსკში საპროტესტო აქციის დროს 300-მდე ადამიანია დაკავებული, 231-ის წინააღმდეგ საქმე აღიძრა


ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, 300-მდე ადამიანი იქნა დაკავებული მინსკში, 1 ნოემბერს მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლისას, რომელიც მიმართული იყო ლუკაშენკას წინააღმდეგ. საპროტესტო აქციები პოსტსაბჭოთა ქვეყანაში იმართება 9 აგვისტოს სადავო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც, ოპოზიციის თანახმად, გაყალბებული იყო და რომლის შედეგებს არ აღიარებს დასავლეთი.

1 ნოემბერს გამართული „ტერორის საწინააღმდეგო მარშის“ მონაწილეები მინსკის ცენტრალური ქუჩების გავლით ცდილობდნენ მინსკთან ახლომდებარე კურაპატების ტყესთან მისვლას, სადაც აღმოჩენილ იქნა 1930-1940-იან წლებში მასობრივად დახვრეტილი ადამიანების სამარხები.

ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა 231 პირის წინააღმდეგ, რომლებიც 1 ნოემებრის აქციაში მონაწილეობდნენ. საქმე აღძრულია მუხლით, რომელიც საზოგადოებრივი წესრიგის უხეშად დარღვევას ეხება და, მაქსიმუმ, სამწლიან პატიმრობას ითვალისწინებს.

"ბელსატის" თანახმად, საქმეში გადის სულ მცირე სამი ჟურნალისტი, რომლებიც ამ არხთან თანამშრომლობენ.

2 ნოემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღიარა, რომ სამართალდამცავებმა გამოიყენეს გამაყრუებელი ყუმბარები და ხელკეტები დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც მიემართებოდნენ საბჭოთა პერიოდში მასობრივი დახვრეტის ადგილისკენ და მოითხოვდნენ ლუკაშენკას გადადგომასა და ახალი არჩევნების ჩატარებას.


ბელარუსში მილიციამ სულ მცირე 8 ადამიანი დააკავა შაბათის ტრადიციულ ქალთა მარშზე, რომელსაც 31 ოქტომბერს შეუერთდნენ ასევე უნარშეზღუდული პირებიც.

ბელარუსის ოპოზიცია აცხადებს, რომ აგვისტოს კენჭისყრის შედეგები გააყალბეს და რომ არჩევნებში ოპოზიციონერმა აქტივისტმა სვიატლანა ციხანოუსკაიამ გაიმარჯვა.

მრავალკვირიანი საპროტესტო გამოსვლების განმავლობაში 12 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს, ასობით აწამეს, რამდენიმე დაიღუპა.

ევროკავშირი და აშშ ლუკაშენკას არ ცნობენ ლეგიტიმურ პრეზიდენტად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG