Accessibility links

site logo site logo

კობახიძე: შემაშფოთებელია „ნაცმოძრაობის“ მიერ რამდენიმე ასეული ათასი ხმის მიღება, ვიმუშავებთ ცნობიერების ამაღლებაზე


ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საპარლამენტო არჩევნებში რამდენიმე ასეული ათასი ხმის აღება სერიოზული შეშფოთების საგანია და მასზე ყურადღების გამახვილებაა საჭირო. მისი თქმით, ეს საკითხი ცნობიერების ამაღლების კუთხით სამომავლოდ სერიოზულ მუშაობას მოითხოვს.

„ამ უბედურებას სჭირდება შველა და ამაზე, რა თქმა უნდა, ვიმუშავებთ, მათ შორის შემდეგი 4 წლის განმავლობაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, საჭირო გახდება იმ მიზეზების შესწავლა, რატომ უჭერს მხარს საზოგადოების ნაწილი იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც, ირაკლი კობახიძის თქმით, "ამდენი უბედურება დააწია ჩვენს ქვეყანას თავს დაკარგული ტერიტორიების 20 პროცენტით და ადამიანების წამებით, მკვლელობით".

"ეს არის სერიოზული შეშფოთების საგანი და ამაზე გვჭირდება ჩვენ ეხლა ყურადღების გამახვილება, ამის მიზეზები უნდა შევისწავლით და ამაზე დაგვჭირდება შესაბამისი რეაგირება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, "ქართულმა ოცნებამ" ამომრჩევლის ხმების 48,23% აიღო, ხოლო "ნაციონალურმა მოძრაობამ" - 27,16%. პარლამენტში სულ 9 პარტია შევიდა. ოპოზიციური პარტიები არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ და ვადამდელი არჩევნების გამართვას მოითხოვენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG