Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტრო: დაღუპული სამხედროების რიცხვი იზრდება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად


ისტორიული ქალაქი შუშა მთიანი ყარაბაღის რეგიონში. 1 ნოემბერი, 2020 წელი.
ისტორიული ქალაქი შუშა მთიანი ყარაბაღის რეგიონში. 1 ნოემბერი, 2020 წელი.

სეპარატისტული მთიანი ყარაბაღის რეგიონის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ კიდევ 11 სამხედრო დაიღუპა აზერბაიჯანის არმიასთან ბრძოლისას მიუხედავად აშშ-ის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებისა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, რომელიც სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ სიას ეყრდნობა, მოკლულთა შორისაა „მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმიის სარდლის მოადგილე, არტურ სარქისიანი. ცნობით, მთიანი ყარაბაღისთვის ბრძოლებში 27 სექტემბრის შემდეგ დაღუპულია 1177 ადამიანი.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ტვიტერით განაცხადა, რომ მისი ქვეყნის არმიამ მთიან ყარაბაღში ბრძოლებისას ვიდევ რვა სოფელზე დაამყარა კონტროლი.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ რამდენიმე დასახლებულ პუნქტს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, თერთერის რაიონში საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს.

მთიანი ყარაბაღის ტერიტორია საერთაშორისო სამართლით აზერბაიჯანის კუთვნილებაა, მაგრამ მას აკონტროლებენ ეთნიკურ სომეხთა სეპარატისტულმა ძალები, რომლებმაც სომხეთის დახმარებით აზერბაიჯანის არმიასთან 1990-იანი წლების ომის შემდეგ კონტროლი დააწესეს საკუთრივ რეგიონზე და მიმდებარე მიწებზე.

27 სექტემბერს დაწყებული სამხედრო მოქმედებების განმავლობაში ასეულობით ადამიანი დაიღუპა. ორჯერ რუსეთის და ერთხელ აშშ-ის შუამავლობით მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას შედეგი არ მოჰყოლია.

2 ნოემბერს ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი მზადაა შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედება, თუ სომხეთი პირობას დადებს, რომ გაიყვანს თავის ძალებს მთიანი ყარაბაღიდან. ალიევმა მანამდე განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ძალები „ბოლომდე გავლენ“, თუ მოლაპარაკებებმა შედეგი არ გამოიღო.

სომხეთს თავდაცვითი გარანტიები აქვს რუსეთისგან კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ჩარჩოებში და პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა არაერთხელ მიმართა მოსკოვს მხარდაჭერისთვის ახლანდელი ბრძოლების დაწყების შემდეგ.

31 ოქტომბერს რუსეთმა განაცხადა, რომ „ყოველგვარ დახმარებას გაუწევს“ თუ კონფლიქტი „სომხეთის ტერიტორიაზე“ გავრცელდება. რუსეთი აცხადებს, რომ ორივე მხარეს 27 სექტემბრის შემდეგ ხუთი ათასი ადამიანი დაიღუპა.

2 ნოემბერს ფაშიშიანი გამოვიდა მოწოდებით, ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება კონფლიქტში აზერბაიჯანის მხარეს სირიელი დაქირავებული მებრძოლების მონაწილეობის შესახებ. აზერბაიჯანი და თურქეთი ამგვარ მონაწილეობას უარყოფენ.

ეუთოს მინსკის ჯგუფმა, რომელიც ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიზნით არის შექმნილი და რომელსაც აშშ, რუსეთი და საფრანგეთი თავმჯომარეობენ, ვერ მოძებნა გზა ცეცხლის შეწყვეტის და კონფლიქტის ხანგძლივი მოგვარებისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG