Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცესკო: კენჭისყრის ოქმებში დისბალანსი შესაძლოა გამოწვეული იყოს ობიექტური გარემოებებით


ანა მიქელაძე
ანა მიქელაძე

შემაჯამებელი ოქმების საკითხზე ბრიფინგი გამაართა ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ. ცესკო-ს შეფასებით, „საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში არსებულ ხარვეზებსა და დისბალანსთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებსა და მედიაში სხვადასხვა პირების მიერ მიზანმიმართულად ვრცელდება დეზინფორმაცია, რომლის მიზანიცაა საარჩევნო პროცესისა და არჩევნების შედეგებისადმი უნდობლობის გაჩენა".

ცესკო, პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსი შესაძლოა გამოწვეული იყოს ობიექტური გარემოებებით. კერძოდ, როგორც ცესკო მიუთითებს, რიგ შემთხვევებში პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველს არ აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს მაჟორიტარული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში, თუ ის ხმას არ აძლევს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, რაც იწვევს დისბალანსს მაჟორიტარულ შემაჯამებელ ოქმში და სხვაობას საარჩევნო სუბიექტებისთვის მიცემული ხმების ჯამსა და კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობას შორის.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი,რაც შეეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც შემაჯამებელ ოქმებში, მართლაც არის დისბალანსი მონაცემებს შორის: ცესკო ამ ეტაპზე ამუშავებს 31 ოქტომბრის არჩევნების წინასწარი მონაცემებს.

„მონაცემების შეყვანა სპეციალურ პროგრამაში ხორციელდებოდა მთელი ღამის განმავლობაში, ამჟამად შეყვანილი მონაცემი მოწმდება და ზუსტდება, ასევე ისახება შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ახსნა-განმარტებებით, რაც აღმოფხვრის უზუსტობებს", - ნათქვამია განცხადებაში.

ცესკო-ს განმარტებით, საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, თუ შემაჯამებელი ოქმის შევსებისას შეცდომა იქნა დაშვებული, მის გამოსასწორებლად შემაჯამებელ ოქმში, შესაბამისი მონაცემის გასწვრივ, მაშინვე კეთდება წარწერა „შესწორებულია“. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, საარჩევნო კომისიამ უნდა შეადგინოს შესწორების ოქმი, რომელშიც აღინიშნება შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემის შესწორება და ამ ოქმის შედგენის თარიღი და დრო. შესწორების ოქმს დაესმება საარჩევნო კომისიის ბეჭედი, გატარდება ჩანაწერთა წიგნში და დაერთვება იმ შემაჯამებელ ოქმს, რომელშიც შეტანილი მონაცემი შესწორდა. შესწორების ოქმების შედგენა, საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, აგრეთვე შესაძლებელია განხორციელდეს არაუგვიანეს კენჭისყრის დღის მეორე დღისა საოლქო საარჩევნო კომისიებში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სხვადასხვა პირები მიზანმიმართულად და შეგნებულად აქვეყნებენ შემაჯამებელ ოქმებს, რომლებშიც დისბალანსი გამოწვეულია ზემოაღნიშნული ობიექტური საფუძვლებით და არსებობის შემთხვევაში, მათ მიერ არ ხდება შესწორების ოქმების ან/და კომისიის შესაბამის წევრთა ახსნა-განმარტებების გამოქვეყნება, რის მიზანსაც, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და უნდობლობის გაჩენა არჩევნების შედეგებისადმი.

საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, მას არ ცნობენ ოპოზიციური პარტიები და ყველა მათგანი უარს ამბობს საპარლამენტო მანდატებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG