Accessibility links

site logo site logo

ავსტრიის შსს: ვენაში თავდასხმების ერთ-ერთი მონაწილე "ისლამური სახელმწიფოს" მიმდევარი იყო


ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრ კარლ ნეჰამერის განცხადებით, ვენაში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის სულ მცირე ერთი მონაწილე „ისლამურ სახელმწიფოს“ თანაუგრძნობდა. საუბარია პოლიციის მიერ ლიკვიდირებულ თავდამსხმელზე. მას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის გარდა ჰქონდა ე.წ. თვითმკვლელის ქამარი, რომელიც, პოლიციის ინფორმაციით, ყალბი აღმოჩნდა.

ამ დრომდე უცნობია, სულ რამდენი პირი მონაწილეობდა ვენის ცენტრში მომხდარ თავდასხმაში. მათ დასაკავებლად სპეცოპერაცია გრძელდება.

ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვენის მცხოვრებთ მოუწოდა, თავი შეიკავონ ქალაქის ცენტრში ყოფნისგან, შეძლებისდაგვარად შინ დარჩნენ და ბავშვები სკოლაში არ გაუშვან.

ბოლო მონაცემებით, თავდამსხმელებმა 3 ადამიანი მოკლეს. დაჭრილია 15.

2 ნოემბრის საღამოს, თავდასხმები მოხდა ვენის ცენტრში, 6 სხვადასხვა ადგილას. შეიარაღებული პირები ესროდნენ ღია კაფეებსა და რესტორნებში მყოფ ადამიანებს.

კორონავირუსის ეპიდემიის გამო, 3 ნოემბრიდან ავსტრიაში მკაცრი იზოლაციის რეჟიმი, ე.წ. ლოკდაუნი გამოცხადდა, ამიტომ წინა საღამოს კაფეებში ხალხმრავლობა იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG