Accessibility links

site logo site logo

პროკურატურა ნიკა მელიასთვის 100 ათასი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვს


საქართველოს პროკურატურა "ნაციონალური მოძრაობისთვის" 100 ათასი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვს. საქმე ეხება ელექტრონული სამაჯურის მოხსნის საკითხს. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას პროკურატურიდან მიაწოდეს.

"საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას მიერ აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევის გამო სასამართლოს მისთვის უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართა. პროკურატურა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს 100 000 ლარის ოდენობით შეფარდებას და სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვის დაწესებას ითხოვს", - აცხადებენ პროკურატურაში.

პროცესი სასამართლოში დღეს არის ჩანიშნული.

ნიკა მელიამ სამაჯური, რომელიც პროკურატურის მოთხოვნით დაუმაგრეს საჯაროდ, აქციაზე 2 დღის წინ მოიხსნა. „ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის ნიკა მელიას მიერ ელექტრონული სამაჯურის გადაგდება არის არა მხოლოდ სამართალდარღვევა, არამედ მძიმე პროვოკაციაა. მიუხედავად ამისა, კობახიძეს მიაჩნია, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით მისი დაკავება სწორი ნაბიჯი არ იქნებოდა.

ნიკა მელიას პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა ელექტრონული სამაჯური 2019 წლის 3 ივლისს შეაბეს. ამ სამაჯურით მასზე ელექტრონული მონიტორინგი ხორციელდებოდა.

ნიკა მელიას გენერალურმა პროკურატურამ ბრალი 25 ივნისს წაუყენა, 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით.

პროკურატურის პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მელიას შესახებ პოზიციას მოგვიანებით გააცნობენ მედიას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG