Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენის „ტერორისტული თავდასხმების“ შემდეგ პოლიცია დამნაშავეებს დაეძებს


ვენაში შეიარაღებული თავდასხმების შემდეგ ავსტრიის პოლიცია დაეძებს სავარაუდო დამნაშავეებს, რომელთა რაოდენობა არაა დადგენილი.

Sky News-ს მიაწოდეს ცნობა, რომ ევროპის ქვეყნების უშიშროების სამსახურები, ვენის თავდასხმის შემდეგ, „ჯიჰადისტების ტერორისტული თავდასხმების მომავალი ტალღისთვის“ ემზადებიან.

2 ნოემბრის თავდასხმების შედეგად სულ მცირე ოთხი პირია მოკლული და 17 დაჭრილი. ავსტრიის კანცლერმა ზებასტიან კურცმა მომხდარს „ამაზრზენი ტერორისტული თავდასხმა“ უწოდა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, კარლ ნეჰამერმა უთხრა რეპორტიორებს 3 ნოემბერს, რომ თავდასხმის შედეგად ორი კაცი და ორი ქალი დაიღუპა.

კარლ ნეჰამერის თქმით, თავდამსხმელი იყო 20 წლის პირი, რომელსაც ავსტრიის და ჩრდილოეთ მაკედონიის მოქალაქეობა ჰქონდა და ადრე ტერორიზმისთვის იყო ნასამართლევი. მისი თქმით, 15 სახლი იქნა გაჩხრეკილი და არაერთი პირი დაკავებული.

ავსტრიის ახალი ამბების სააგენტო იტყობინება, რომ დაკავება მოხდა ქალაქ სანკტ პიოლტენში, ვენიდან 65 კილომეტრში.

თავდასხმაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი, რომელსაც, სავარაუდოდ, თვითმკვლელი თავდამსხმელის ქამარი ეკეთა, პოლიციამ მოკლა.

მედიის ცნობით, მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა ერთი ქალი.

არ არის დადგენილი, რამდენი თავდამსხმელი იყო ჩართული თავდასხმებში, მაგრამ ნეჰამერმა თქვა, რომ მათი რიცხვი ერთზე მეტი იყო. მინისტრის თქმით, ეჭვმიტანილებს უშიშროების სამსახურის ათასი თანამშრომელი დაეძებს და მეზობელმა ქვეყნებმა ავსტრიას დახმარება შესთავაზეს.

ნეჰამერის თანახმად, გამოძიება ვარაუდობს, რომ ეჭვმიტანილი, რომელიც მოკლეს, ექსტრემისტული „ისლამური სახელმწიფოს“ მიმართ სიმპათიით იყო განწყობილი. მინისტრმა ვენელებს შინ დარჩენისკენ მოუწოდა.

ვენის მერმა, მახელ ლუდვიგმა ადრე განაცხადა, რომ 15 პირია საავადმყოფოში მოთავსებული და მათგან შვიდი მძიმედაა. პოლიციის თანახმად, თავდასხმის დროს დაიჭრა ერთი პოლიციელი.

სროლა ავსტრიის დედაქალაქის ცენტრში, სხვადასხვა არეალში, დაიწყო 2 ნოემბრის საღამოს, რამდენიმე საათით ადრე, სანამ ძალაში შევიდოდა პანდემიის გამო შეზღუდვების ახალი წესები და ხალხი ბოლო, შედარებით თავისუფალ საღამოს ატარებდა რესტორნებსა და ბარებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG