Accessibility links

logo-print logo-print

სალომე სამადაშვილს გიორგი რურუას ნახვა კორონავირუსზე ტესტის გაკეთების შემდეგ შეეძლება


"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ მას არ ეძლევა საპატიმრო დაწესებულებაში გიორგი რურუას ნახვის შესაძლებლობა, რომელსაც 2 ნოემბერს ციხეში სცემეს, პენიტენციური სისტემა განცხადებით პასუხობს და ამბობს, რომ დეპუტატს შეუძლია მოინახულოს რურუა მას შემდეგ, რაც კორონავირუსზე PCR ტესტს გაიკეთებს.

"სალომე სამადაშვილმა განცხადებით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს, დართოს ნება პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებული გიორგი რურუას მოსანახულებლად. აღნიშნული თხოვნა პარლამენტის თავმჯდომარემ დააკმაყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, პენიტენციურ სისტემაში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მოქმედებს, სალომე სამადაშვილს კოვიდ-19-ზე PCR ტესტის გაკეთების შემთხვევაში, უსაფრთხოების წესების დაცვით, შეუძლია გიორგი რურუა მოინახულოს. გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სალომე სამადაშვილს არ ეძლევა პენიტენციურ დაწესებულებაში გიორგი რურუას მონახულების საშუალება - არასწორია", - წერია სისტემის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა სალომე სამადაშვილმა, მან პარლამენტის თავმჯდომარისგან თანხმობა გიორგი რურუას მონახულებაზე მხოლოდ მას შემდეგ მიიღო, რაც პირველადი უარის შემდეგ საჯარო გაცხადება გააკეთა. მისივე თქმით, პირველი უარი არჩილ თალაკვაძის აპარატში შეცდომით ახსნეს.

სალომე სამადაშვილი ტესტის გაკეთებას უახლოეს დღეებში აპირებს და იმედი აქვს, რომ გიორგი რურუას მონახულების საშუალება მალე მიეცემა.

რურუას 2 ნოემბერს ციხეში ფიზიკურად დაუპირისპირდა 5 პატიმარი, როცა ის ადვოკატთან ვიზიტის მიზნით იყო გამოსული საკნიდან და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მას. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

რურუა 2019 წლის ნოემბერში დააკავეს. ადვოკატების პოზიციაა, რომ მას იარაღი პოლიციამ ჩაუდო, საქმე გაყალბებულია და არანაირ მტკიცებულებებს არ ეფუძნება. რურუას ოპოზიციური პარტიები პოლიტპატიმრად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ მისი გათავისუფლება იყო საარჩევნო საკითხებზე „ქართულ ოცნებასთან“ 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ნაწილი. ამას უარყოფენ მმართველ პარტიაში, ისევე, როგორც გიორგი რურუას პოლიტპატიმრობას.

30 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლემ ვალერიან ბუგიანიშვილმა გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა გიორგი რურუას მიმართ და მას სასჯელის სახედ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

სასამართლომ გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვასა და ტარებას გულისხმობს. ამასთანავე, ბრალდებულს კიდევ ერთი ბრალი ჰქონდა წარდგენილი სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რაც სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობასა და მისი შესრულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს. მოსამართლემ მოცემულ ნაწილშიც ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG