Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"უფლებები საქართველო" სახელმწიფო ინსპექტორს მიმართავს რურუას მიმართ ინციდენტის ამსახველი ვიდეოს გასაჯაროების გამო


„უფლებები საქართველო“ გიორგი რურუას მიმართ ციხეში მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეოს გავრცელების კანონიერების შესწავლას ითხოვს. ორგანიზაციის თანახმად, ვიდეოჩანაწერი ცალსახად პერსონალური მონაცემების შემცველია, პენიტენციურმა სამსახურმა კი იგი ჯერ დააარქივა, შემდეგ კი გაავრცელა.

ორგანიზაციის თანახმად, აღნიშნული ვიდეოჩანაწერი ცალსახად იძლევა როგორც თავად გიორგი რურუას, ასევე დაწესებულების თანამშრომელთა იდენტიფიცირების შესაძლებლობას. ვიდეოში ასევე, არაპირდაპირ შესაძლებელია დაპირისპირებაში მონაწილე სხვა მსჯავრდებულების იდენტიფიცირებაც, მათი აღნაგობის, ჩაცმულობისა და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებების მიხედვით.

„უფლებები საქართველო“ მიმართავს სახელმწიფო ინსპექტორს, განახორციელოს ინსპექტირება, შეისწავლოს მოცემულ შემთხვევაში პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერება და, დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, გამოიყენოს შესაბამისი კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ფორმა.

რურუას 2 ნოემბერს ციხეში ფიზიკურად დაუპირისპირდა 5 პატიმარი, როცა ის ადვოკატთან ვიზიტის მიზნით იყო გამოსული საკნიდან და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მას. საქმეზე დაწყებულია გამოძიება. იმავე დღეს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ეს კადრები გამოაქვეყნა.

რურუა 2019 წლის ნოემბერში დააკავეს. ადვოკატების პოზიციაა, რომ მას იარაღი პოლიციამ ჩაუდო, საქმე გაყალბებულია და არანაირ მტკიცებულებებს არ ეფუძნება. რურუას ოპოზიციური პარტიები პოლიტპატიმრად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ მისი გათავისუფლება იყო საარჩევნო საკითხებზე „ქართულ ოცნებასთან“ 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ნაწილი. ამას უარყოფენ მმართველ პარტიაში, ისევე, როგორც გიორგი რურუას პოლიტპატიმრობას.

30 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლემ ვალერიან ბუგიანიშვილმა გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა გიორგი რურუას მიმართ და მას სასჯელის სახედ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

სასამართლომ გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვასა და ტარებას გულისხმობს. ამასთანავე, ბრალდებულს კიდევ ერთი ბრალი ჰქონდა წარდგენილი სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რაც სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობასა და მისი შესრულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს. მოსამართლემ მოცემულ ნაწილშიც ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG