Accessibility links

logo-print logo-print

ნიკა მელიას მამა ანზორ მელია: მშობელი რას უნდა ელოდეს? - ივანიშვილი მას ტაშით არ დააჯილდოვებს


„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას მამა ანზორ მელია საქალაქო სასამართლოში მივიდა. სასამართლომ ნიკა მელიასთვის გირაოს შეფარდების საკითხზე უნდა იმსჯელოს, პროკურატურის მოთხოვნით. საქმე ეხება ნიკას მელიას მიერ 1 ნოემბერს ელექტრონული სამაჯურის მოხსნის საკითხს.

ანზორ მელიას ვარაუდით, მის შვილს „დაიჭერენ“.

„გირაო ერთხელ გადაიხადა, ბინა ჩავდეთ. ერთი და იგივე საქმეზე ორჯერ ხომ არ შეიძლება გირაო იყოს, მაგრამ ამ მთავრობისგან მე ყველაფერს ცუდს ველოდები და მზად ვართ მე და ჩემი მეუღლეც. იმიტომ, რომ ნიკა რომ წავიდა პოლიტიკაში და დინების საწინააღმდეგოდ ირჩია მოძრაობა, მშობელი რას უნდა ელოდეს? - ივანიშვილი მას ტაშით არ დააჯილდოვებს. ბევრჯერ ჰქონდათ მცდელობა, გადაებირებინათ ნიკა, მაგრამ არ გამოუვიდათ და ახლა უნდათ პატიმრობა, მაგრამ იცოდნენ, რომ პატიმრობაში მყოფი ნიკა უფრო საშიში იქნება ამ მთავრობისთვის, ვიდრე გარეთ“, - უთხრა ჟურნალისტებს ანზორ მელიამ.

საქართველოს პროკურატურა ნიკა მელიასთვის 100 ათასი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვს.

პროკურორის თქმით, აქციაზე სამაჯურის მოხსნა ნიშნავს აღკვეთის ღონისძიებისადმი დაუმორჩილებლობას და ამის გამო ბრალდების მხარე მოითხოვს 100 ათასი ლარის ოდენობის გირაოს. ამასთანავე, პროკურატურის შუამდგომლობით ნიკა მელიას უნდა აეკრძალოს გაფრთხილების გარეშე ქვეყნის დატოვების უფლება. პროკურორის თქმით, ეს 100-ათასიანი გირაო მოიცავს აქამდე უკვე გამოყენებულ 30 ათას ლარს (ანუ თანხა გაზრდილია 70 ათასით). ნიკა მელიას ჩამორთმეული აქვს პასპორტი და მას ქვეყნის დატოვება აქამდეც აკრძალული ჰქონდა.​

ნიკა მელიამ სამაჯური, რომელიც პროკურატურის მოთხოვნით დაუმაგრეს, საჯაროდ, აქციაზე 2 დღის წინ მოიხსნა.

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის ნიკა მელიას მიერ ელექტრონული სამაჯურის გადაგდება არა მხოლოდ სამართალდარღვევა, არამედ მძიმე პროვოკაციაა. მიუხედავად ამისა, კობახიძეს მიაჩნია, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით მისი დაკავება სწორი ნაბიჯი არ იქნებოდა.

ნიკა მელიას პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა ელექტრონული სამაჯური 2019 წლის 3 ივლისს შეაბეს. ამ სამაჯურით მასზე ელექტრონული მონიტორინგი ხორციელდებოდა.

ნიკა მელიას გენერალურმა პროკურატურამ ბრალი 25 ივნისს წაუყენა, 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG