Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანი აცხადებს, რომ 91 სამოქალაქო პირი დაიღუპა და 400 დაიჭრა მთიან ყარაბაღში


პრეზიდენტი ალიევი ფრონტის ხაზზე
პრეზიდენტი ალიევი ფრონტის ხაზზე

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის ცნობით, მთიანი ყარაბაღის სომხურ ძალებთან განახლებულ საბრძოლო შეტაკებებში სექტემბრის თვიდან მოყოლებული დაიღუპა 91 სამოქალაქო პირი, ხოლო რამდენიმე ასეული დაიჭრა.

ოფიციალურ ცნობაში ნათქვამია, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა სომხეთის მხრიდან განხორციელებულ საარტილერიო და სარაკეტო იერიშებს.

უფრო ადრე აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ სომხეთის ძალები დაადანაშაულა ქალაქ ფიზულის დაბომბვაში ზალპური ცეცხლის დანადგარ „სმერჩიდან“, რომელსაც ცოცხალი ძალის და ტექნიკის განადგურება შეუძლია რამდენიმე ათეული კილომეტრის სიშორეზე.


ამასთან, აზერბაიჯანი იუწყება, რომ 3 ნოემბერს აზერბაიჯანულმა არმიამ გაანადგურა სომხეთის ორი სამხედრო საწყობი მთიანი ყარაბაღის დედაქალაქ სტეფანაკერტის მახლობლად.


სომხეთი აბსურდს უწოდებს „სმერჩის“ სისტემით დასახლებული პუნქტების დაბომბვის თაობაზე ბაქოს მიერ გავრცელებულ ბრალდებას.


მთიანი ყარაბაღის სამხედრო უწყებაში, თავის მხრივ, აცხადებენ, რომ მოიგერიეს აზერბაიჯანის სამხედრო შეტევები კონფლიქტის ზონის აღმოსავლეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ და სამხრეთ მიმართულებებზე.


საერთაშორისო საზოგადოების მიერ აზერბაიჯანის ნაწილად მიჩნეული მთიანი ყარაბაღის გარშემო აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მასშტაბური სამხედრო მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა. მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ სამხედრო კონფლიქტის ესკალაციაში, რომლის შედეგად ორივე მხრიდან ასეულობით ადამიანი დაიღუპა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მთიანი ყარაბაღიდან და მისი მიმდებარე შვიდი რაიონიდან სომხური ძალების გაყვანას მოითხოვს. სომხური მხარე თვლის, რომ არ წავა რეგიონიდან, რადგან ის ისტორიული სამშობლოს ნაწილია და იქ მყოფი მოსახლეობა დაცვას საჭიროებს.

კონფლიქტის გამო შეშფოთება უკავშირდება დაპირისპირების გაფართოებას. მხარეების მოკავშირეები არიან ნატოს წევრი თურქეთი და რუსეთი, რომელსაც სამხედრო ბაზა აქვს სომხეთში.

მთიანი ყარაბაღის ტერიტორია საერთაშორისო სამართლით აზერბაიჯანის კუთვნილებაა, მაგრამ მას აკონტროლებენ სომხური ძალები, რომლებიც იქ უმრავლესობას წარმოადგენენ. სეპარატისტულმა ძალებმა სომხეთის დახმარებით აზერბაიჯანის არმიასთან 1990-იანი წლების ომის შემდეგ, კონტროლი დააწესეს საკუთრივ რეგიონსა და მიმდებარე მიწებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG