Accessibility links

logo-print logo-print

მამუკა მდინარაძე: ოპოზიციური პარტიები "ნაციონალური მოძრაობის" ბულინგის ქვეშ არიან


მამუკა მდინარაძე

მე ვფიქრობ, ოპოზიციური პარტიები "ნაციონალური მოძრაობის" ბულინგის ქვეშ არიან, - ასე უპასუხა მეცხრე მოწვევის პარლამენტის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას იმ მემორანდუმის შესახებ, რომლითაც ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნები არალეგიტიმურად ცნეს და ბოიკოტი გამოუცხადეს საპარლამენტო საქმიანობას:

„ეს არის "ნაცმოძრაობის" და მისი ლიდერის ბულინგი სხვა ოპოზიციური პარტიებისა და ლიდერების მიმართ, რომელსაც თავის გეგმაში აქვს მხოლოდ და მხოლოდ რევოლუციური სცენარი და სხვა კონსტრუქციული, ქვეყნისთვის სასიკეთო რეალობის და სიმართლის შესაბამისი სცენარი მის ინტერესებში უბრალოდ არ შედის“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მან „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გააკეთა სოციოლოგიური კვლევებისა და 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლების შედეგების ანალიზი, წარადგინა რამდენიმე შემაჯამებელი ოქმი, რომელშიც ხმების ბალანსი „ქართული ოცნების“ კანდიდატის საზიანოდ იყო დარღვეული და განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიების პროტესტს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით რეალური საფუძველი არ აქვს:

„ისინი ტექნიკური ხარვეზების გამოყენებით, სადაც ერთ ოქმს აჩვენებენ და მისი შესწორების ოქმს მალავენ, ასეთი დეტალური ტექნიკური ხარვეზების გამოყენებით ცდილობენ, დაარწმუნონ ამომრჩეველი და საზოგადოება, რომ მათი ხმა მოიპარა ვიღაცამ. მაშინ ჩვენი ხმებიც მოუპარია იმ ვიღაცას, მაგრამ ასეთი ვიღაცა ბუნებაში არ არსებობს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, მომავალ პარლამენტში, რომელიც 31 ოქტომბერს აირჩია ამომრჩეველმა, „ქართულ ოცნებას“ უკვე აქვს 75 მანდატი. უმრავლესობის მოსაპოვებლად მას მხოლოდ 1 მანდატიღა სჭირდება. შედეგებს არ ეთანხმებიან ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ახლად არჩეულ პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევენ და უარს ამბობენ პარლამენტში შესვლაზე. პარტიებმა დღეს, 3 ნოემბერს, არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნას მოაწერეს ხელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG