Accessibility links

logo-print logo-print

გიორგი კონდახიშვილი ნიკა მელიას საქმეზე: საბოლოო ჯამში ეს პროცესი შევა ჩიხში


გიორგი კონდახიშვილი, ადვოკატი

ადვოკატ გიორგი კონდახიშვილის შეფასებით „ნაციონალური მოძრაობის“პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ნიკა მელიას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს პერსპექტივა არ აქვს და იგი უალტერნატივოდ ნიკა მელიას გამარჯვებით დასრულდება.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ, რომ ნიკა მელიას კანონიერი ინტერესები იყოს დაცული, მეორე თემაა ის, რომ სამართალდამცავი ორგანოების კანონის საფუძველზე არ მოქმედებენ და ძირითადად პოლიტიკური კონიუნქტურით არიან დაკავებული“, - განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“. მისი თქმით, არსებული ვითარება დაცვის მხარეს ხელს უწყობს იმაში, რომ საბოლოო ჯამში ეს პროცესი ჩიხში შევა:

„ჩვენ გავიმარჯვებთ, როგორც სამართლებრივი თვალსაზრისით, ასევე ნიკა მელია როგორც პოლიტიკოსი საზოგადოების თვალში აღნიშნული აბსურდული სისხლის სამართლებრივი დევნიდან გამოდის პოლიტიკური თვალსაზრისითაც მოგებული“, - განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა „დილის საუბრებში“, სადაც მან ისაუბრა ნიკა მელიასთვის დაწესებული შეზღუდვების გაუქმების საკითხზე.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 ნოემბერს ნიკა მელიას ყველა შეზღუდვა მოუხსნა, მათ შორის, ელექტრონული სამაჯურის ტარების ვალდებულება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დალი მეტრეველმა მას გირაო 40 000 ლარით გაუზარდა, რაც შეადგენს 70 000 ლარს (მელიას აქამდე შეფარდებული ჰქონდა გირაო, 30 000 ლარი). მელიამ თანხა უნდა გადაიხადოს 50 დღის განმავლობაში. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს ნიკა მელიას გარდა ამისა აუკრძალეს ქვეყნის დატოვება, საგამოძიებო ორგანოებისთვის შეტყობინების გარეშე.

მელიას ადვოკატი ეთანხმება აღკვეთის ყველა ღონისძიების გაუქმებას, თუმცა გირაოს (70 000 ლარამდე) და საზღვრის კვეთის შეზღუდვის წინააღმდეგია.

ნიკა მელიამ ელექტრონული სამაჯური, რომელიც პროკურატურის მოთხოვნით დაუმაგრეს საჯაროდ, აქციაზე 2 დღის წინ მოიხსნა და ხალხში მოისროლა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას მიერ აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევის გამო გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართა.

ნიკა მელიას პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა ელექტრონული სამაჯური 2019 წლის 3 ივლისს შეაბეს. ამ სამაჯურით მასზე ელექტრონული მონიტორინგი ხორციელდებოდა. მელიას გენერალურმა პროკურატურამ ბრალი 25 ივნისს წაუყენა, 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG