Accessibility links

logo-print logo-print

ოქმებში ხელმოწერების გაყალბებაზე „ძალა ერთობაშია“ პროკურატურას 20 საჩივრით მიმართავს


პოლიტიკური ბლოკი „ძალა ერთობაშია“ პროკურატურას 20 საჩივრით მიმართავს და მოითხოვს, დაიწყოს გამოძიება ოქმებში კოლეგიის წევრების ხელმოწერების გაყალბებაზე, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია.

„შემაჯამებელ ოქმებსა და შესწორების ოქმებზე არსებული ხელმოწერები ვიზუალური დათვალიერებითაც კი ნათლად ჩანს, რომ არის გაყალბებული“, - განაცხადა თამარ კორძაიამ 4 ნოემბრის ბრიფინგზე.

ბექა ბასილაია კი ამბობს, რომ არის შემთხვევები, როცა ოქმებს ერთი ადამიანი აწერს ხელს, კომისიის ყველა წევრის ნაცვლად:

„ვინაა ეს ადამიანი და ვინ ჩაიდინა გაყალბება, პროკურატურამ უნდა დაადგინოს“, - ამბობს ბასილაია და განაგრძობს: „ეს შეუძლებელია, სამართლებრივად შეფასდეს შეცდომად“.

„ძალა ერთობაშია“ ითხოვს, რომ შედეგები გაბათილდეს იმ უბნებზე, სადაც ბიულეტენი ამოვიდა მეტი, ვიდრე ამომრჩეველთა რაოდენობაა. ხოლო იქ, სადაც არის შანსი გადათვლის, რომ ზუსტი მონაცემები დადგინდეს - ხელახალ გადათვლას.

თამარ კორძაიამ მიმართა საერთაშორისო ორგანიზაციებს, საქართველოს პარტნიორ ქვეყნებს და თქვა, რომ არჩევნების დღეს და მას შემდეგ „ენით აღუწერელი დარღვევები და დანაშაულებები“ მოხდა.

კორძაიამ, ასევე, მიმართა „ქართული ოცნების“ ლიდერს, ირაკლი კობახიძეს და უთხრა: „მე, თამარ კორძაია, არ ვებრძვი პატარა ადამიანებს და პატარა კაცებს, უბრალოდ მეცოდებიან“.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, მე-10 მოწვევის პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ უკვე აქვს 75 მანდატი. უმრავლესობის მოსაპოვებლად მას მხოლოდ 1 მანდატიღა სჭირდება.

შედეგებს არ ეთანხმებიან ოპოზიციური პარტიები, რომლებიც არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ, ახლად არჩეულ პარლამენტს არალეგიტიმურად თვლიან და უარს ამბობენ მანდატებზე. ისინი მოითხოვენ ხელახალ არჩევნებს, ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG