Accessibility links

ტრამპი თავისი გამარჯვების შესახებ აცხადებს, იმუქრება უზენაეს სასამართლოში საჩივრით, თუმცა ხმების დათვლა გრძელდება


აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები 4 ნოემბრის დღის პირველ ნახევარში ცნობილი არ არის, თუმცა ორივე კანდიდატი, რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი, მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი მეტოქე, დემოკრატი ჯო ბაიდენი გამარჯვებაში დარწმუნებული არიან, მიუხედავად იმისა, რომ ექვს საკვანძო შტატში ბიულეტენების დიდი რაოდენობა დასათვლელია.

არაერთ შტატში, მათ შორის, პენსილვანიაში, მიჩიგანსა და ჯორჯიაში, გრძელდება ყველა, მათ შორის, იმ ბიულეტენების დათვლა, რომლებიც ფოსტით გზით იქნა გაგზავნილი 3 ნოემბრამდე. ბაიდენმა განაცხადა, რომ „სწორ გზას ადგას გამარჯვებისკენ“ და მოუწოდა ამერიკელებს, მოთმინება მოიკრიბონ, „სანამ ხმები დათვლილი არ იქნება“, სანამ არც ერთ კანდიდატს არ აქვს მოპოვებული ამომრჩეველთა კოლეგიის 270 ხმა, რომელიც საჭიროა გამარჯვებისთვის.

ორ კანდიდატს შორის მკვეთრი განსხვავება გამოიხატება იმაშიც, რომ ტრამპმა არჩევნებამდე არაერთხელ ივარაუდა, რომ ფოსტით ხმის მიცემა პანდემიის გამო, ხელს შეუწყობდა გაყალბების ზრდას, რის გამოც ის საქმეს უზენაეს სასამართლოს გადასცემდა, „ამერიკელი ხალხის მიმართ თაღლითობის გამო“.

ბევრ შტატში ხმების დათვლა გრძელება და სერიოზული ინციდენტების შესახებ ცნობები არ ვრცელდება. ტრამპმა განაცხადა, „არჩევნებში გავიმარჯვეთ“-ო. მან ტვიტერი გამოიყენა, რათა გაევრცელებინა თავისი დაუსაბუთებელი განცხადება ხმების მოპარვის თაობაზე. არჩევნების სახელმწიფო ორგანოები აცხადებენ, რომ ასეთი მტკიცება დაუსაბუთებელია და ბიულეტენებს ჯერ კიდევ ითვლიან.

აშშ-ის პრეზიდენტს არ აქვს იურიდიული უფლებამოსილება, გამოაცხადოს არჩევნებზე გამარჯვების შესახებ, კენჭისყრის შედეგები განისაზღვრება თითოეული შტატის საარჩევნო ორგანოების მიერ.

ბაიდენის შტაბმა განაცხადა, რომ მისი იურისტები მზად არიან, წინააღმდეგობა გაუწიონ პრეზიდენტს. მან ტრამპის კომენტარებს უწოდა „აღმაშფოთებელი, უპრეცედენტო და არასწორი“.

საარჩევნო უბნებზე მთელი დღის განმავლობაში მიდიოდა ხალხი და ისტორიულმა არჩევნებმა თანმიმდევრულად ჩაიარა პანდემიის ფონზე, როცა ერი გახლეჩილია ორ ნაწილად. არჩევნებამდე ასმა მილიონმა ადამიანმა უკვე გამოხატა თავისი ნება ფოსტის თუ წინასწარი კენჭისყრის გზით. არაერთ შტატში გაგრძელდა ხმის მიცემის ვადა, რათა არ მოხდეს ვირუსის გავრცელება.

ფოსტის გზით ხმის მიცემის გამო შეიძლება ბიულეტენების დათვლა დღეების განმავლობაში გაგრძელდეს.

ორივე მხარემ გამოაცხადა, რომ შედეგებისთვის სამართლებრივი გზით დავისთვის მზად არიან.

კანდიდატებს გამარჯვებისთვის ესაჭიროებათ კოლეგიის ამომრჩევლების 270 ხმის მოგროვება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG