Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Facebook-მა და Twitter-მა გამაფრთხილებელი შენიშვნები დაურთეს ტრამპის ნაადრევ პოსტებს


სოცმედიის გიგანტებმა, Facebook-მა და Twitter-მა დაიცვეს საკუთარი გადაწყვეტილება, მარკირება გაუკეთონ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ნაადრევ ტვიტებს და ვიდეოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების თემაზე.

4 ნოემბრის პოსტში ტრამპმა უსაფუძვლოდ წამოჭრა გაყალბების ეჭვები მაშინ, როცა ჯერაც მიმდინარეობს ხმების დათვლა და ჯერ არ გამოუცხადებიათ გამარჯვებული.

Twitter-მა სწრაფად მიიღო ზომები ამ ტვიტების წინააღმდეგ, მათ დაურთო გაფრთხილება და აღნიშნა, რომ ისინი არასწორ ინფორმაციას შეიცავს. კომპანიამ ასევე საკუთარ ტვიტში განაცხადა, რომ მომხმარებელი @realDonaldTrump-ი პოტენციურად დამაბნეველ განცხადებებს აქვეყნებს არჩევნების შესახებ. კომპანია დასძენს, რომ მისი ეს მოქმედება შესაბამისობაშია მის პოლიტიკასთან.

პრეზიდენტმა იგივე მესიჯი გამოაქვეყნა Facebook-ზეც, რომელმაც ამ პოსტს სწრაფად დაურთო შენიშვნა: „საბოლოო შედეგები შეიძლება განსხვავდებოდეს თავდაპირველი დათვლისგან, ვინაიდან ბიულეტენების დათვლა დღეებსა და კვირებს გასტანს.“

არჩევნების წინ ორივე კომპანიამ დადო პირობა, რომ ზომებს მიიღებს კანდიდატების წინააღმდეგ, თუკი ისინი შეეცდებიან, ნაადრევად გამოაცხადონ თავი გამარჯვებულად.

ასევე ტრამპმა გამოსვლაში, რომლის პირდაპირ ტრანსლაციას ახდენდა ორივე პლატფორმა, განაცხადა, რომ მან გაიმარჯვა არჩევნებში. თუმცა მილიონობით ბიულეტენი ჯერ არ არის დათვლილი ზოგიერთ შტატში, სადაც მეტოქეთა მაჩვენებლებს შორის სხვაობა ძალზე მცირეა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG