Accessibility links

მდინარაძის თქმით, სპეცუბნებში კომისიების ასეულობით წევრს ტრენინგი არ ჰქონდა გავლილი


საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებში შეუსაბამობას განმარტავს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე. მან ძირითადი აქცენტი სპეცუბნებზე გააკეთა.

„პირველ რიგში, შევეხები სპეცუბნებს, სადაც მაჟორიტარულ ოქმებში პრაქტიკულად ყველგან ფიქსირდება დისბალანსი. ეს არის სრულიად ბუნებრივი, იზოლაციაში მყოფი ამომრჩეველი მხოლოდ პარტიებს აძლევდა ხმას, მაჟორიტარ კანდიდატებს კი მხოლოდ იმ ოლქში მცხოვრები იზოლირებული პირი ირჩევდა, ანუ თუ ასეთი დამთხვევა მოხდებოდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში. ამიტომ, მაჟორიტარი კანდიდატის ოქმში გაცილებით ნაკლები ხმის მიმცემია დაფიქსირებული, ვიდრე ამომრჩევლის რაოდენობა იყო ე.წ. სპეცუბანზე“, - აღნიშნავს მდინარაძე.

მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ერთ-ერთ პრობლემად ასახელებს კომისიის წევრების არაკვალიფიციურობას.

„სპეცუბნების ნაწილზე დაფიქსირებულია გარკვეული ტექნიკური შეცდომებიც, რომლებიც, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ არის ტექნიკური და არავითარ უპირატესობას არ აძლევს მმართველ პარტიას. ეს ნებისმიერ შემთხვევაში გადამოწმებადია და პრობლემა არ არის ამ მიმართულებით არავის მხრიდან. ეს შეცდომები განპირობებულია იმით, რომ ინფიცირებულ და იზოლირებულ პირებთან მუშაობას თავისებური სპეციფიკური ცოდნა ესაჭიროება და ამიტომ სპეცუბნებში კომისიის ძველი წევრები ახალი, პრაქტიკულად, დაუტრენინგებელი წევრებით იყვნენ ჩანაცვლებულები და ტექნიკური შეცდომები იყო ბევრი. ასეთი იყო ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ასეული კომისიის წევრი. აქვე შეგახსენებთ, რომ არაერთ ჩვენზე დიდი რესურსის მქონე ქვეყანაში საერთოდ ვერ შეძლეს ინფიცირებული და იზოლაციაში მყოფი მოქალაქეების ხმის უფლების რეალიზება. ჩვენ გარკვეული ტექნიკური პრობლემებით, მაგრამ ეს მაინც შევძელით და ამ მიმართულებითც არჩევნები სრულყოფილად ჩატარდა“, - ამბობს მდინარაძე.

ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა - ვინც, ცესკო-ს მონაცემებით, გადალახა ან ვერ გადალახა 1%-იანი საარჩევნო ზღვარი - ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომლითაც არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადეს.

დოკუმენტს ხელს აწერენ: „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო“, „გირჩი“, „მოქალაქეები“, „ლეიბორისტული პარტია“, „რესპუბლიკური პარტია“, „სახელმწიფო ხალხისთვის“, „ევროპული დემოკრატები“, „კანონი და სამართალი“, „ერთიანი საქართველო“ და, პაატა დავითაიას ინფორმაციით, ასევე, „პატრიოტთა ალიანსი“.

ოპოზიცია 8 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე გეგმავს საპროტესტო აქციას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG