Accessibility links

logo-print logo-print

ცესკო-მ საოლქო კომისიებს შემაჯამებელი ოქმების საკითხზე რეკომენდაცია მისცა


გიორგი შარაბიძე

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ ბრიფინგი გამართა და საოლქო საარჩევნო კომისიებში მიმდინარე სამართლებრივ პროცესების შესახებ ბრიფინგზე ილაპარაკა.

როგორც შარაბიძე ამბობს, ცესკო-ს უფლებამოსილებას აღემატება საოლქო საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებებში და მათ დისკრეციულ უფლებამოსილებებში ჩარევა. თუმცა, მისი თქმით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე მიაწოდა რეკომენდაცია და გააცნო ცესკო-ს პოზიცია საოლქო საარჩევნო კომისიებს, რომ ის შემაჯამებელი ოქმები, რომელთა მიმართაც შესაძლოა, არსებობდეს საფუძვლიანი მოთხოვნები და დასაბუთებული გარემოებები, გაიხსნას და გადაითვალოს.

ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე აგრეთვე ამბობს, რომ გადათვლის პროცესი უნდა ჩატარდეს გამჭვირვალედ, ყველა უფლებამოსილი მხარის მონაწილეობით.

„მივმართავთ ჩართულ მხარეებს, იმოქმედონ კანონისა და ეთიკის ფარგლებში და ხელი შეუწყონ საოლქო საარჩევნო კომისიებს აღნიშნული პროცედურების მშვიდ და პროფესიულ გარემოში განსახორციელებლად", - აღნიშნავს შარაბიძე.

შემაჯამებელ ოქმებში ბიულეტენების ნაკლებობის სტატისტიკის დამუშავების საკითხზე კი ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე ამბობს: „ჩვენ არაერთხელ განვმარტეთ და კიდევ გვსურს გავიმეოროთ, რომ მაჟორიტარულ ნაწილში ბიულეტენების ნაკლებობის შემთხვევები არის სამართლებრივად სწორი და ძირითადად გვხვდება ე.წ. კოვიდ უბნებზე - 3001 და პენიტენციურ დაწესებულებებში გახსნილ უბნებზე - 2158, რაც საკანონმდებლო მოცემულობაა, ვინაიდან სპეციალურ სიებში შეყვანილი ამომრჩეველი, მხოლოდ იმ შემთხვევაში იღებს მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობას, თუ ის რეგისტრირებულია იმავე მაჟორიტარულ ოლქში. დასასრულს მინდა მოგახსენოთ, რომ ახლაც მიმდინარეობს ცალკეულ საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების განხილვის, გადამოწმებისა თუ გადათვლის პროცედურები, შესაბამისად, მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოება უმოკლეს დროში იქნება ინფორმირებული“.

ამჟამად საოლქო საარჩევნო კომისიების სხდომის პარალელურად, შენობის გარეთ სხვადასხვა პარტიის წევრები და მხარდამჭერები საპროტესტო აქციებს მართავენ.

ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა - ვინც, ცესკო-ს მონაცემებით, გადალახა ან ვერ გადალახა 1%-იანი საარჩევნო ზღვარი - ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომლითაც არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადეს.

დოკუმენტს ხელს აწერენ: „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო“, „გირჩი“, „მოქალაქეები“, „ლეიბორისტული პარტია“, „რესპუბლიკური პარტია“, „სახელმწიფო ხალხისთვის“, „ევროპული დემოკრატები“, „კანონი და სამართალი“, „ერთიანი საქართველო“ და, პაატა დავითაიას ინფორმაციით, ასევე, „პატრიოტთა ალიანსი“.

ოპოზიცია 8 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე გეგმავს საპროტესტო აქციას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG