Accessibility links

site logo site logo

ცესკო: 4 საარჩევნო უბანზე ბიულეტენების გადათვლის შემდეგ შედეგი უცვლელი დარჩა


საჩივრების განხილვა საბურთალოს საარჩევნო ოლქში

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის(ცესკო) მიერ გვიან ღამით გამოქვეყნებული ინფორმაციით, საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიამ ერთი საარჩევნო უბნის ბიულეტენები გადაითვალა, რის საფუძველზეც ამ უბნის შედეგი დარჩა უცვლელი. ცესკოს ცნობით, გადათვლის შედეგად უცვლელი დარჩა ბოლნისის, ხაშურის და ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიებში გადათვლილი თითო-თითო საარჩევნო უბნის შედეგებიც.

ცესკოს ინფორმაციით, არასამთავრობო სადამკვირვებლო ორგანიზაციების, „სამართლიანი არჩევნებისა“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მოთხოვნის საფუძველზე, ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში გადაითვალეს ერთ-ერთი საარჩევნო უბნის ბათილი ბიულეტენები და ამ პროცედურის შემდეგ არ დამდგარა შედეგების გასწორების საჭიროება.

საჩივრების განხილვა გვიან ღამით დასრულდა ვაკის, მთაწმინდის, ისნის, სამგორის, ნაძალადევის, გორის და გლდანის საოლქო საარჩევნო კომისიებში და ცესკო შედეგებს დღეს დილით გამოაცხადებს.

საოლქო საარჩევნო კომისიებში 4 ნოემბერს დაიწყო შემაჯამებელი ოქმების გამო არასამთავრობო ორგანიზაციების და პარტიების მიერ დაწერილი საჩივრების განხილვა. ეს პროცესი დღეს, 5 ნოემბერსაც გაგრძელდება.

საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქალაქო სასამართლოში, რომელიც საჩივარს განიხილავს მისი მიღებიდან 2 დღის ვადაში.

4 ნოემბრის საღამოდან, თბილისსა და საქართველოს რამდენიმე რეგიონში საოლქო საარჩევნო კომისიებთან საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები არჩევნების გაყალბებას აპროტესტებდნენ. პოლიტიკური ლიდერების ნაწილი საოლქო კომისიების შენობებში შესვლას ცდილობდა. თბილისში რამდენჯერმე მოხდა აქციის მონაწილეების და სამართალდამცავების დაპირისპირება. პოლიციამ 10-ზე მეტი პირი დააკავა.

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ(ცესკო) განაცხადა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიების სხდომებზე დასწრებას ცდილობდნენ არაუფლებამოსილი პირები. ცესკოს განმარტებით, სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ აკრედიტებული მედიის წარმომადგენლებს, საარჩევნო სუბიექტების თითო წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის თითო დამკვირვებელს და ცესკოში რეგისტრირებული საერთაშორისო ორგანიზაციის არა უმეტეს 2 დამკვირვებელს თარჯიმანთან ერთად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG