Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ISFED: საოლქო საარჩევნო კომისიები საჩივრებს განხილვის გარეშე ტოვებენ


არჩევნების მეთვალყურე არასამთავრობო ორგანიზაციის, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების”(ISFED) ინფორმაციით, მისი და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ შეტანილი საჩივრები რამდენიმე ოლქში არ განიხილეს სხვადასხვა უსაფუძვლო მიზეზით, ხოლო განხილული საჩივრების უმრავლესობა არ დააკმაყოფილეს.

„სამართლიანი არჩევნების“ განცხადებით, საოლქო საარჩევნო კომისიები საჩივრების განუხილველად დატოვების ერთ-ერთ მიზეზად ასახელებდნენ დამკვირვებლების მხრიდან მინდობილობის წარუდგენლობას:

„საოლქო საარჩევნო კომისიების სხდომები ჩაინიშნა და სხდომაზე დაიბარეს ორგანიზაციის წარმომადგენლები. მიუხედავად იმისა, რომ სხდომაზე ორივე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მინდობილობები წარადგინეს, რითაც დასტურდებოდა, რომ არა მხოლოდ სხდომაზე, არამედ საჩივრის შეტანის მომენტშიც ჩვენი დამკვირვებლები ორგანიზაციის სახელით მოქმედებდნენ, საჩივრები განუხილველად იქნა დატოვებული. მაგალითად, ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ წარმომადგენელი სხდომაზე 7 საათზე დაიბარა, ხოლო სხდომა უფრო ადრე გამართა და საჩივრის განუხილველობის შესახებ განკარგულება 1 საათით ადრე, 6 საათზე გაუგზავნა“.

„სამართლიანი არჩევნების“ განცხადებითვე, იმ საოლქო საარჩევნო კომისიების უმრავლესობამ, რომლებმაც განიხილეს საჩივრები, არ დააკმაყოფილეს შემაჯამებელი ოქმის ბათილობისა და ბიულეტენების ხელახლა დათვლის მოთხოვნა.

„სამართლიანი არჩევნების” მოთხოვნა უბნების გადათვლასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში, მათ შორის, სამგორის #97 უბანზე, სადაც დიდი შეუსაბამობები გამოვლინდა ნამდვილ ბიულეტენებსა და შემაჯამებელ ოქმებში ასახულ მონაცემებს შორის:

„მოვუწოდებთ, საოლქო საარჩევნო კომისიებს, არ შექმნან ხელოვნური ბარიერი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი საჩივრების განხილვასთან დაკავშირებით და ხელი შეუწყონ პროცესის სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევას. ასევე, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ გადაწყვეტილებებს, მაქსიმალურად ეცადონ, გადათვალონ რაც შეიძლება მეტი საარჩევნო უბნის ბიულეტენები და ამ გზით გაზარდონ ნდობა არჩევნების შედეგების მიმართ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინიც იქნებიან პასუხისმგებლები ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე“.

საოლქო საარჩევნო კომისიებში 4 ნოემბერს დაიწყო შემაჯამებელი ოქმების გამო დაწერილი საჩივრების განხილვა. ეს პროცესი დღეს, 5 ნოემბერს გაგრძელდება.

საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქალაქო სასამართლოში, რომელიც საჩივარს განიხილავს მისი მიღებიდან 2 დღის ვადაში.

4 ნოემბრის საღამოდან, თბილისსა და საქართველოს რამდენიმე რეგიონში საოლქო საარჩევნო კომისიებთან საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები არჩევნების გაყალბებას აპროტესტებდნენ. პოლიტიკური ლიდერების ნაწილი საოლქო კომისიების შენობებში შესვლას ცდილობდა. თბილისში რამდენჯერმე მოხდა აქციის მონაწილეების და სამართალდამცავების დაპირისპირება. პოლიციამ 10-ზე მეტი პირი დააკავა.

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ(ცესკო) განაცხადა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიების სხდომებზე დასწრებას ცდილობდნენ არაუფლებამოსილი პირები. ცესკოს განმარტებით, სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ აკრედიტებული მედიის წარმომადგენლებს, საარჩევნო სუბიექტების თითო წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის თითო დამკვირვებელს და ცესკოში რეგისტრირებული საერთაშორისო ორგანიზაციის არა უმეტეს 2 დამკვირვებელს თარჯიმანთან ერთად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG