Accessibility links

ბათუმის მე-19 საარჩევნო უბნის შედეგები ხელახლა უნდა დაითვალონ


საპროტესტო აქცია ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიასთან. 2020 წლის 4 ნოემბერი

ბათუმის საარჩევნო ოლქში ხელახლა უნდა დაითვალონ 31 ოქტომბერს, კენჭისყრის დღეს მე-19 უბანზე მიცემული ხმები.

გადათვლაზე შეანხმდნენ საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე, რომელიც 4 ნოემბერს გვიან ღამემდე საჩივრებს განიხილავდა ოპოზიციის საპროტესტო აქციის ფონზე.

სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომადგენლებმა. მათი განცხადებით, კომისიამ არ მიიღო ყველა უბნის გადათვლის გადაწყვეტილება და მხოლოდ იმ უბანს დათანხმდა, სადაც გაერთიანებული ოპოზიცია იმარჯვებს. გაერთიანებულმა ოპოზიციამ ბათუმის 120 საარჩევნო უბნიდან 119-ის შემაჯამებელი ოქმები გაასაჩივრა.

ამომრჩეველთა ხმების შეჯამებისას ყველაზე დიდი დისბალანსი ბათუმის მე-19 უბანზე შედგენილ ოქმში აღმოჩნდა. ეს ოქმი სოციალურ ქსელშიც გავრცელდა და აქტიური განხილვის საგნად იქცა.

მე-19 უბნის ოქმი ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში გაასაჩივრა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“. ამ ორგანიზაციამ ოქმების გამო, სულ 20 საჩივარი დაწერა. "სამართლიანმა არჩევნებმა" 12.

ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიამ 4 ნოემბერს საჩივრების მხოლოდ ნაწილი განიხილა. ეს პროცესი დღეს, 5 ნოემბერს გაგრძელდება. მათ შორის, კენჭი ეყრება მე-19 უბანზე ხმების ხელახლა დათვლას.

ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ციალა შავაძის განცხადებით, ტექნიკური ხარვეზები, რაც საუბნო კომისიებმა დაუშვეს, შესაძლოა, ბევრი მიზეზით იყოს განპრიობებული: „მაგალითად, პანდემიამ მუშაობაში ძალიან შეგვიშალა ხელი, რადგან ჩვენი დატრენინგებული კომისიის წევრთა 80 პროცენტი საუბნო კომისიებში აღარ იყვნენ, წინა დღეებში კომისიის წევრები შეიცვალნენ და ძალიან ბევრს კოვიდინფექცია დაუდასტურდა და ამანაც მოახდინა უბნების მუშაობაზე გავლენა“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG