Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარია კორონავირუსზე: ქუჩაში პოლიტიკური აქტივობა ჩვენთან პიკს დააჩქარებს


საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია აცხადებს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური აქტივობები ქვეყანაში კორონავირუსის პიკის მოახლოებას დააჩქარებს. ამის შესახებ კოვიდინფიცირებულმა პრემიერმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ჩართვის დროს განაცხადა.

"რა თქმა უნდა, ის პოლიტიკური აქტივობა, რაც ქუჩაში ხდება, ძალზედ დააჩქარებს ჩვენთან პიკის მოსვლას. უფრო მძიმე სიტუაცია იქნება, ვიდრე ველოდით, რადგან მობილობა, რომელსაც ქუჩის აქციები იწვევს, რა თქმა უნდა პირდაპირ კავშირშია ინფიცირების სწრაფ ზრდასთან", - თქვა გახარიამ და კიდევ ერთხელ გაიმეორა მოსალოდნელ წერტილოვან შეზღუდვებზე.

მისი თქმით, აუცილებელია ისეთ წერტილოვან შეზღუდვებზე ფიქრი, რომელიც კორონავირუსის მართვას ეფექტურს გახდის:

"სულ სხვა ვითარება იყო ერთი თვის წინ, დღეს ცოტა სხვა სიტუაციაა, რადგან სხვა აქტივობაა, ქუჩაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს ვგულისხმობ, ამიტომ წერტილოვანი შეზღუდვების ეფექტურობის თვალსაზრისით ცოტა გადასახედი გვექნება".

ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა 2400-ს გადააჭარბა, საიდანაც 1000-მდე შემთხვევა თბილისზე მოდის. ქვეყანაში 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ყოველდღიურად იმართება აქციები, მოქალაქეების ნაწილი კი არ არის სრულად აღჭურვილი უსაფრთხოებისვის საჭირო საშუალებებით. მთავრობას შეზღუდული აქვს 10-ზე მეტი კაცის შეკრება, თუმცა არ ზღუდავს აქციებისა და საარჩევნო შეხვედრების გამართვას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG