Accessibility links

site logo site logo

ლარის კურსი რეაგირებს ოპოზიციის მხრიდან „არეულობის მცდელობაზე“ - ცქიტიშვილი


ვიცე-პრემიერი, მაია ცქიტიშვილი ლარის გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზად პოლიტიკურ პროცესს, აქციებს და ოპოზიციის მხრიდან „არეულობის მცდელობას“ ასახელებს.

„ჩვენი ოპოზიცია არ ატარებს აქციას. ხშირად ჩვენ ვხედავთ შევარდნების მცდელობას, ძალიან დაძაბულ პოლიტიკურ პროცესს“, - ამბობს ცქიტიშვილი და განაგრძობს: „როცა ჩვენ ვხედავთ არეულობის მცდელობას [ოპოზიციის მხრიდან], არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ჩვენი ვალუტის კურსი რეაგირებს ამაზე“.

ოფიციალური მონაცემებით, 1 ევრო 3.9 ლარი ღირს, ხოლო 1 დოლარი - 3.3 ლარი.

მაია ცქიტიშვილი, ამბობს, რომ ლარზე მოქმედებს როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური პროცესი და ეპიდემიოლოგიური ვითარება და ხელისუფლება ცდილობს პროცესების სტაბილიზაციას.

„შეუძლებელია ვისაუბროთ ინვესტიციების ზრდაზე და მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე, როდესაც აქციები გვაქვს ქუჩაში“, - ამბობს ცქიტიშვილი და განაგრძობს: „შეუძლებელია ლარზე არ აისახოს მთელი ის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ამ ქვეყანაში“.

მაია ცქიტიშვილის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ გარემოში ჩატარდა და შედეგების ლეგიტიმურობას საერთაშორისო ორგანიზაციბიც აღიარებენ. მინისტრი მოუწოდებს ოპოზიციას, დავა განაგრძოს სამართლებრივი გზით ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა თუ სასამართლოში.

ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში აქციებს მართავენ და აპროტესტებენ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს. არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პარტიები, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, მნიშვნელოვან დარღვევებზე მიუთითებენ. ოპოზიცია არ აღიარებს შედეგებს, მიღებულ მანდატებზე უარს ამბობს და ხელახალ არჩევნებს მოითხოვს, ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG