Accessibility links

ჰაშიმ ტაჩი: არ დავუშვებ, რომ კოსოვოს პრეზიდენტი სასამართლოს წინაშე წარდგეს


კოსოვოს პრეზიდენტი, ჰაშიმ ტაჩი.

კოსოვოს პრეზიდენტმა, ჰაშიმ ტაჩიმ, დაადასტურა, რომ მას წაუყენეს ბრალდება სერბეთისგან ოლქის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის დროს ჩადენილ საომარ დანაშაულსა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულში და ამიტომ თანამდებობიდან გადადგა.

საგანგებო პროკურატურამ (SPO) ტაჩის და კიდევ არაერთ ეჭვმიტანილს „სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დააკისრა მკვლელობისთვის თითქმის ას შემთხვევაში“, ასევე „ადამიანების ძალადობრივი გაქრობის, დევნისა და წამებისთვის“. ტაჩი ბრალდებას უარყოფს.

5 ნოემბრის პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ ბრალდების წაყენების გამო ის ასრულებს პირობას და გადადგება. „რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად მაცნობეს, საგანგებო პალატის მოსამართლემ დაადასტურა ჩემ წინააღმდეგ ბრალდება. ჩემ და ჩემი საბრძოლო მეგობრების წინააღმდეგ ბრალდება კიდევ ერთი მცირე საფასურია, რომელიც ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის თავისუფლებისთვის მოგვთხოვეს“.

ტაჩი სერბეთის ყოფილი ოლქის ალბანელთა პარტიზანული გაერთიანების, „კოსოვოს განთავისუფლების არმიის“ ერთ-ერთი დამაარსებელი და მეთაური იყო. გაერთიანება 1990-იანი წლების მეორე ნახევარში აქტიურად ებრძოდა ცენტრალურ - სერბეთის ხელისუფლების - არმიას, რომლის მიზანი იყო, არ დაეშვათ სერბეთისგან კოსოვოს გამოყოფა.

საგანგებო პროკურატურის თანახმად (SPO), დანაშაული ეხებოდა ასეულობით მსხვერპლს - კოსოვოელ ალბანელებს, სერბებს და ბოშებს, ასევე სხვა პოლიტიკურ ოპონენტებს.

ტაჩი ისტორიას სწავლობდა კოსოვოს, მაშინ სერბეთის ოლქის, დედაქალაქ პრიშტინაში, როცა დააფუძნა სტუდენტური არალეგალურ მოძრაობა, რომელიც კოსოვოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა. საფიქრებელია, რომ მისი ნაციონალისტური მისწრაფებები გამძაფრდა ალბანეთში ცხოვრების დროს, სადაც იარაღის უკანონო ფლობისთვის გაასამართლეს. შემდგომ, 1993 წელს, ტაჩი ავსტრიის გავლით შვეიცარიაში გადავიდა და იქ მიიღო პოლიტიკური თავშესაფარი სხვა არაერთ ალბანელთან ერთად.

ყოფილი იუგოსლავიის არაერთ რეგიონში იმ დროს ომი იყო. სხვადასხვა მონაცემით, 90-იანი წლების პირველ ხანებში - სხვა ცნობებით, უფრო მოგვიანებით - დაიწყო ჩამოყალიბება არალეგალურმა „კოსოვოს განთავისუფლების არმიამ“, რომლის მეთაურიც გახდა ჰაშიმ ტაჩი. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება ბრალდება, რომელიც კოსოვოს ახლა უკვე ყოფილ პრეზიდენტს წაუყენა პროკურატურამ, რომელიც ოფიციალურად კოსოვოს მართლმსაჯულების სისტემის ნაწილია და, დასავლეთის მოთხოვნით, ნიდერლანდში, ჰააგაში, მოქმედებს. სამართლებრივი უწყების ფიზიკური დაფუძნება ჰააგაში უკავშირდება უსაფრთხოებას და იმასაც, რომ ამგვარმა ორგანომ დამოუკიდებლად მუშაობა შეძლოს.

კოსოვოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის პერიოდში სერბეთის არმიის იერიშის შესაჩერებლად კონფლიქტში ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ჩაერია, რის შემდეგაც სერბები იძულებული იყვნენ უკან დაეხიათ, ხოლო არმია, რომელსაც ტაჩი მეთაურობდა, ლეგალიზებული იქნა და მისი წევრები ადგილობრივი ადმინისტრაციის წევრები გახდნენ. ამ ომს უკავშირდება დანაშაული, რომელშიც ახლა ჰაშიმ ტაჩია ეჭვმიტანილი.

„როგორც დაგპირდით, არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებ, რომ კოსოვოს რესპუბლიკის პრეზიდენტი სასამართლოს წინაშე წარდგეს. იმისათვის, რომ დავიცვა კოსოვოს რესპუბლიკის მთლიანობა, კოსოვოს სახელმწიფოს მთლიანობა, კოსოვოს ხალხის ერთიანობა და ღირსება, მე გადავდექი კოსოვოს რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობიდან“. „კოსოვოს განთავისუფლების არმიის“ პოლიტიკური ფრთა 1999 წელს შექმნილი „კოსოვოს დემოკრატიული პარტიის“ საფუძველი გახდა. ამ პარტიის თავმჯდომარეა ჰაშიმ ტაჩი დაარსებიდან დღემდე. 1999 წელს რამდენიმე თვე იარსება კოსოვოს მთავრობამ, რომელსაც არმია განაგებდა და ტაჩი ამ მთავრობის მეთაურად წარმოადგენდა თავს. ამ და სხვა მისთანა ერთეულებს კოსოვოში გაეროს მისია (UNMIK) არ აღიარებდა, მაგრამ ტაჩის გავლენა საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ იმ დროს ჩამოყალიბებული დამოუკიდებელი მმართველი საბჭოს წევრი გამხდარიყო.

კოსოვოს გამო კონფლიქტის დროს ათი ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ასეულათასობით ადამიანი იქნა განდევნილი რეგიონიდან, რომელიც სერბეთის ისტორიული ნაწილია და დაკავშირებულია ოსმალო დამპყრობლების წინააღმდეგ ამ ქვეყნის წარსულ ბრძოლასთან. იმ დროს სერბეთის არმიის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიებითაა დაკავებული ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალი, რომელსაც ასევე ჰააგაში აქვს ბინა.

ახლა ამავე ქალაქში მდებარე სასამართლომ ბრალი წაუყენა ჰაშიმ ტაჩის, კოსოვოს პირველ პრემიერ-მინისტრს, რომელიც 2016 წელს პრეზიდენტად აირჩიეს. ჰაშიმ ტაჩის, როგორც პოლიტიკოსს, მხარდაჭერა ჰქონდა აშშ-ისგან, რომელიც ნატოს ჩარევას კონფლიქტში და 2008 წელს კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებას მხარს უჭერდა. ამ დროს კი, გერმანიის უშიშროების სამსახურის 2005 წლის ანგარიშში, როგორც გამოცემა „შპიგელი“ წერდა, ტაჩის შესახებ წაიკითხავთ, რომ ის „აკონტროლებდა მთელ კოსოვოში მოქმედ დამნაშავეობრივ ქსელს“.

სწორედ მაშინ, როცა აშშ-ის შუამავლობით ვაშინგტონში ტაჩის და სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის, შეხვედრა უნდა შემდგარიყო, გამოცხადდა, რომ ტაჩის და მის თანამებრძოლებს საომარი დანაშაული ბრალდებოდათ. ვაშინგტონის შეხვედრა ივნისში ჩაიშალა. მოგვიანებით სერბეთისა და მისი ყოფილი ოლქის ხელისუფლებმა თეთრ სახლში შეხვედრა გამართეს, მაგრამ უკვე ჰაშიმ ტაჩის გარეშე.

კოსოვო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ნაწილობრივაა აღიარებული. ის არ უღიარებია ევროპის რამდენიმე ქვეყანას და გაეროს უშიშროების საბჭოს ორ წევრს, რუსეთსა და ჩინეთს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG