Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში ისევ ხმებს ითვლიან - რა არ უნდა გამოგრჩეს 6 ნოემბერს


აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამ დრომდე ითვლიან

აშშ-ში ჯერ არ დასრულებულა ხმების დათვლა. საარჩევნო უბნების დახურვიდან მესამე დღეს ისევ უცნობია, ვინ გახდა ქვეყნის პრეზიდენტი. ეს ახლა რამდენიმე შტატზეა დამოკიდებული. ამ დრომდე ისევ დემოკრატების კანდიდატი ჯო ბაიდენი ლიდერობს.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შტაბი ხმის დათვლის პროცესს ასაჩივრებს. გუშინ მიჩიგანის მოსამართლემ არ მიიღო საჩივარი იმის შესახებ, ჰქონდათ თუ არა რესპუბლიკელებს წვდომა საპრეზიდენტო არჩევნებში ფოსტით გაგზავნილი ბიულეტენების დათვლის პროცესზე.

ტრამპმა ჯერ კიდევ არჩევნების საღამოს გააკეთა განცხადება არჩევნების გაყალბებაზე. ამ განცხადებას აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე ეუთოს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, მიხაელ ლინკმა უპასუხა. მან ტრამპი დაადანაშაულა „უხეში ფორმით ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში“, მტკიცებისთვის, რომ არჩევნები მოიპარეს და მოწოდებისთვის, შეწყდეს კანონიერად ჩაბარებული ბიულეტენების დათვლა.

წაიკითხე მეტი.

ოპოზიცია პროტესტს აგრძელებს - რას ამბობს ცესკო?

ხმაურიანი საპროტესტო აქციები ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას მისამართით აქტივისტებმა გუშინ დღის ბოლომდე გააგრძელეს.

სამოქალაქო მოძრაობამ „სირცხვილია“ ცესკო-სთან აქცია-პერფორმანსი გამართა. მოძრაობა ამ ფორმით გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებას: „თამარ ჟვანია ჯილდოს იმსახურებს“. სწორედ „ჯილდოები“ და „საჩუქრები“ მიიტანეს ცესკო-ს შენობასთან „სირცხვილიას“ წევრებმა, მათ შორის, მათემატიკის პირველი კლასის სახელმძღვანელო და საანგარიშო.

ვაკის საარჩევნო საოლქო კომისიის მიმდებარედ აქციაზე დააკავეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის აქტივისტი, ზვიად კუპრავა, თუმცა საღამოს ისევ გაათავისუფლეს.

გუშინ ცესკო-მ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 15-მა საარჩევნო კომისიამ გადათვალა შედეგები. 11-მა კომისიამ შესწორებები შეიტანა 20 შედეგთან დაკავშირებით, საიდანაც

  • ბათილად იქნა ცნობილი 3 გადასატანი საარჩევნო ყუთის მონაცემები;
  • 9 შემთხვევაში გასწორდა შედეგები;
  • 8 შემთხვევაში მონაცემები უცვლელი დარჩა.

ამ თემაზე ასევე ნახე:

4 მეტროსადგურის შესასვლელებში მგზავრთა ნაკადი გაკონტროლდება

პიკის საათებში ყველაზე ხალხმრავალი მეტროსადგურების - „ვარკეთილი“, „ახმეტელის თეატრი“, „დიდუბე“ და სადგურის მოედანი“ - შესასვლელებში მგზავრთა ნაკადი გაკონტროლდება და რიგების მართვა განხორციელდება, - ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.

მეტროპოლიტენის თანამშრომლები მუდმივად დააკვირდებიან მგზავრთა ნაკადს. როდესაც ნაკადი კრიტიკული იქნება და ვირუსის გავრცელების კუთხით საფრთხეს შექმნის, მეტროსადგურების ჩასასვლელებში, რიგის მართვის მეშვეობით, ადამიანების დაშვება შეფერხდება.

გუშინ საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 2401 შემთხვევა. ეპიდემიის პერიოდში ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. წინა დღესთან შედარებით 106-ით მეტი ახალი შემთხვევაა. გარდაიცვალა 20 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 401-მდე გაიზარდა.

ვირუსის სწრაფი ზრდის ფონზე მთავრობის საკოორდინაციო საბჭო მსჯელობს წერტილოვანი შეზღუდვების შემოღებაზეც.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

დღეისთვის ლარი ისევ გაუფასურდა

ეროვნული ვალუტა უფრო გაუფასურდა. 6 ნოემბერს ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი იქნება:

  • 1 აშშ დოლარი - 3.40 ლარი (5 ნოემბერი - 3.3409);
  • 1 ევრო - 4.0137 ლარი (5 ნოემბერი - 3.9042);

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის თქმით, ლარის კურსის გაუფასურება ერთმნიშვნელოვნადაა დაკავშირებული პოლიტიკურ დაძაბულობასთან და სხვა ობიექტური მიზეზი არ არსებობს. ლარის კურსის ვარდნა პოლიტიკურ პროცესებს დაუკავშირა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმაც.

„როცა ჩვენ ვხედავთ არეულობის მცდელობას [ოპოზიციის მხრიდან], არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ჩვენი ვალუტის კურსი რეაგირებს ამაზე“, - თქვა მან.

წაიკითხე მეტი.

სად არის ბადრი - ზუგდიდმა თავდასხმის ამბავი უკვე დაივიწყა

ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმიდან 2 კვირა გავიდა. ამ ხნის განმავლობაში სახელმწიფომ მომხდარს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მისცა, თუმცა რატომ და რას აკეთებს ხელისუფლება თავდამსხმელის კვალზე გასასვლელად, ისევ არ ვიცით.

21 ოქტომბერს სამხედრო ფორმაში ჩაცმული კაცი ბანკში ხელყუმბარით და ცეცხლსასროლი იარაღით შეიჭრა, 43 ადამიანი მძევლად აიყვანა და იმ დღესვე ნახევარი მილიონი დოლარით ტყეში მიიმალა. შსს-მ განაცხადა, რომ თავდამსხმელი იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარში მცხოვრები, ყოფილი სამხედრო მოსამსახურე ბადრი ესებუა.

უკვე ერთი კვირაა, რაც ზუგდიდის ცენტრში „საქართველოს ბანკის“ ფილიალი, რომელიც ჯერ კიდევ 2 კვირის წინ სპეცდანიშნულების რაზმით იყო გარშემორტყმული, ჩვეულებრივად მუშაობს. რადიო თავისუფლება ესაუბრა ყოფილ მძევლებს და ადამიანებს ქალაქში, სადაც თავდასხმა უკვე დაივიწყეს.

წაიკითხე მეტი თამარ ზანთარაიას სტატიაში.

ტყეშიც უნდა ვატაროთ პირბადე? - ღია სივრცეში პირბადის ტარების წესს ხარვეზები აქვს

3 ნოემბერს მთავრობამ დადგენილებაში, რომელიც განსაზღვრავს პირბადის ტარების წესს, შეიტანა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, სავალდებულო გახდა პირბადის ტარება ღია საჯარო სივრცეში ყოფნისას და მოძრაობისას.

ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა გამოაცხადა, რომ ის, ვინც ღია სივრცეში პირბადის ტარების წესს დაარღვევს, ისევე დაისჯება, როგორც ის, ვინც იმავე წესს არღვევს დახურულ სივრცეში: „20 ლარი, ეს არის ჯარიმა, რომელიც მოქმედებს დღეისთვის დახურულ სივრცეში, სადაც პირბადის ტარება სავალდებულოა. ჩვენ ვაფართოებთ ამ ნორმას და ხვალიდან პირბადის ტარება სავალდებულო იქნება ღია სივრცეებში“, - თქვა მან.

იურისტები ამბობენ, რომ მთავრობის ახალი გადაწყვეტილება შეუსაბამოა კონსტიტუციასთან და, ამავე დროს, არარაციონალურია, იმდენად გაუმართავია, რომ სახელმწიფოს, ფაქტობრივად, არა აქვს არც დასჯის და, შესაბამისად, არც აღსრულების მექანიზმები.

წაიკითხე მეტი.

პატარა რესტორანი „ეზო“ ისევ დაიკეტა. არაერთი მცდელობის, მისი მფლობელების ბრძოლის, ფიქრისა და დაგეგმვის, სესხის აღების, მენიუს ცვლილების, ყველა წესის დაცვისა და, რაც მთავარია, გარე სივრცის არსებობის მიუხედავად, პანდემიით გამოწვეულ სირთულეებს „ეზომ“ ვერ გაუძლო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG