Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე - „"განსხვავებული აზრიც" ერთგვარი საჩივარია“


რადიო თავისუფლების შეკითხვაზე - შესულია თუ არა საარჩევნო ადმინისტრაციაში „ქართული ოცნების“ საჩივარი არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე პასუხობს, რომ საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრს „ქართული ოცნებიდან“ დაფიქსირებული აქვს ერთი „განსხვავებული აზრი“ ერთ-ერთ შემაჯამებელ ოქმზე, რაც „ერთგვარი საჩივარია“:

გიორგი შარაბიძე: შემაჯამებელი ოქმების ქვედა ნაწილში არსებული გრაფა „განსხვავებული აზრი“ 99%-ში ცარიელია. იცით, ეს რას ნიშნავს? რომ საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრმა, რომელიც არ ეთანხმება შემაჯამებელ ოქმში შეტანილ რომელიმე მონაცემს, სწორედ მაგ „განსხვავებული აზრის“ გრაფაში უნდა ჩაწეროს, რომელ მონაცემს არ ეთანხმება. ეგეთი განსხვავებული აზრი 3847 უბანზე, არის მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი. მათ შორის ერთ-ერთი, გაგიკვირდებათ და არის „ქართული ოცნების“ მიერ დანიშნული კომისიის წევრისგან, ოღონდ ეს ერთეული შემთხვევაა.
რა თქმა უნდა, ყველა მხარეს აქვს საჩივარი, ყველა მხარეს აქვს რაღაც პრეტენზია, ყველა მხარე ითხოვს ზოგი დისციპლინურ სახდელს, ზოგი გადათვლას, ზოგი გაბათილებას და ა.შ..

რადიო თავისუფლება: კონკრეტულად „ქართული ოცნებისგან“ თუ არის საჩივარი? ეს გკითხეთ.

გიორგი შარაბიძე: მე გითხარით, რომ 1445 საჩივარია და გითხარით, რომ „განსხვავებული აზრიც“ ერთგვარი საჩივარია და ერთია ასეთი. დანარჩენს, საჩივრების რეესტრს რომ ვნახავთ, მაგ სტატისტიკასაც, პირობას გაძლევთ, მოგაწვდით“.

4 ნოემბრის ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ერთ-ერთი უბნის გადათვლით სხვა პარტიებისთვის დაკლებული ხმების პარალელურად გამოვლინდა „ქართული ოცნებისთვის“ დაკლებული რამდენიმე ასეული ხმაც:
„მაგალითად, დღეს ოპოზიციის ერთ-ერთი ფლანგის მიერ გამოქვეყნებული სამგორის ოქმი, სადაც რამდენიმე ათეული ხმა ჰქონდა რამდენიმე პარტიის წარმომადგენელს დაკლებული ერთ და მეორე ოქმშიც, პროპორციულშიც და მაჟორიტარულშიც ჩვენს კანდიდატს, ჩვენს შემთხვევაშიც ჰქონდა ორასი ხმა დაკლებული და პარტიასაც იმავე ოქმში, შეგიძლიათ ნახოთ, ჰქონდა გამოქვეყნებული ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ ოქმში. ორასი ხმა ჰქონდა პროპორციულ ნაწილშიც დაკლებული. ეს არის ის დოკუმენტი, რომელიც ცესკოს საიტზეა ატვირთული და ნებისმიერ თქვენგანს შეგიძლიათ ნახოთ“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG