Accessibility links

logo-print logo-print

ამირან გამყრელიძის თქმით, წერტილოვანი შეზღუდვების დაწესების მეტი საჭიროებაა ქვეყანაში 


ამირან გამყრელიძე

საქართველოს დაავადებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში წერტილოვანი შეზღუდვების დაწესების კიდევ უფრო მეტი საჭიროებაა.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან მან განაცხადა, რომ საკოორდინაციო საბჭომ ამ საკითხზე დღესაც იმსჯელა:

"ამ ფონზე ეპიდემიის განვითარების, ევროპის ყველა ქვეყანამ დააწესა გარკვეული ზოგან ძალიან მკაცრი, ზოგან შედარებით რბილი წერტილოვანი შეზღუდვები. ამიტომ ჩვენც მივდევთ ამ ტაქტიკას და სტრატეგიას განსხვავებით გაზაფხულისა, როდესაც იყო სრული ეგრეთ წოდებული ლოკდაუნები და წერტილოვან შეზღუდვებს ქვეყანა თანდათან აწესებს და კიდევ უფრო მეტი საჭიროებაა წერტილოვანი შეზღუდვების დაწესების. ამაზე დღეს კიდევ ერთხელ იმსჯელა საკოორდინაციო საბჭომ და ვფიქრობ, იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებები“, - აღნიშნა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა 5 ნოემბერს განაცხადა, რომ საკოორდინაციო საბჭო მსჯელობს იმაზე, რა დამატებითი ღონისძიებები და რა დამატებით წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება არის შესაძლებელი იმისთვის, რათა ვირუსის გავრცელება შენელდეს. ამ სავარაუდო ღონისძიებებში მაია ცქიტიშვილმა დაასახელა, მაგალითად, საღამოს და ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა უქმე დღეებში ან კვირის რომელიმე კონკრეტულ დღეს, ტრანსპორტის, ბაზრობებისა და ბაზრების მუშაობის შეჩერება და სხვა.

საქართველოში ამ დროისათვის სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც შიდა, ისე გარე სივრცეებში, რესტორნების საქმიანობა 22 საათამდე და სრულად დისტანციური სწავლება დიდ ქალაქებში.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, გასულ 24 საათში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 2775 შემთხვევა. ეპიდემიის პერიოდში ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. წინა დღესთან შედარებით, 374-ით მეტი შემთხვევაა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 3560-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი, გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 22 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 423-მდე გაიზარდა.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 51 993 შემთხვევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG