Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთიანი ყარაბაღიდან კვლავ ვრცელდება ცნობები დაბომბვის შედეგად სამოქალაქო პირების დაღუპვის შესახებ


აფეთქებების კვამლი და ცეცხლი შუშის რაიონში, სტეფანაკერტის მახლობლად
აფეთქებების კვამლი და ცეცხლი შუშის რაიონში, სტეფანაკერტის მახლობლად

სეპარატისტული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების ცნობით, წუხელ მთიანი ყარაბაღის გარშემო მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შედეგად სულ მცირე სამი სამოქალაქო პირი დაიღუპა. სომხური წყაროები აცხადებენ, რომ მსხვერპლი მოჰყვა აზერბაიჯანის მხრიდან გახსნილ საარტილერიო ცეცხლს ქალაქ შუშაზე, რომელიც სეპარატისტული რეგიონის დედაქალაქ სტეფანაკერტიდან 10 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის კუთვნილ ტერიტორიაა საერთაშორისო სამართლით, მაგრამ ეთნიკური სომხების ძალებმა 1990-იან წლების ომის დროს მოახერხეს რეგიონის დაკავება და აზერბაიჯანის ძალების განდევნა, რის შედეგადაც კონტროლი დააწესეს მთიანი ყარაბაღის რეგიონსა და მიმდებარე მიწებზე.

„სარაკეტო იერიშის შედეგად რამდენიმე საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა ცეცხლი შუშაში. ნგრევას ადგილი ჰქონდა დედაქალაქ სტეფანაკერტში. ინციდენტის ადგილებზე მაშველები მუშაობენ“, - ნათქვამია მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ 6 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

თავის მხრივ, აზერბაიჯანი კვლავ იუწყება სომხეთის სამხედრო ძალების მხრიდან დასახლებული პუნქტების მიმართულებით განხორციელებულ საარტილერიო და სარაკეტო შეტევაზე. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლის ქვეშ აღმოჩნდა ქალაქი ტარტარი და მისი მიმდებარე სოფლები.

როგორც სომხეთის, ისე აზერბაიჯანის მხარეები უარყოფენ შეიარაღებული კონფლიქტის პროცესში დასახლებული პუნქტების მიზანში ამოღებას.

მხარეები ასევე განსხვავებულად აღწერენ ფრონტის ხაზზე შექმნილ ვითარებას.

სომხეთის მხარდაჭერილი მთიანი ყარაბაღის არმია აცხადებს, რომ „ეფექტიანი თავდაცვითი ბრძოლით“ უკუაგდო აზერბაიჯანის სამხედრო ძალების იერიშები ფრონტის ხაზის რამდენიმე მნიშვნელოვან სექტორში.

აზერბაიჯანი ამტკიცებს, რომ მისმა არმიამ რამდენიმე მიმართულებით განახორციელა იერიში და ყველგან უკანდახევა აიძულა სომხეთის სამხედრო დანაყოფებს.

კონფლიქტი, რომელიც ათწლეულებს ითვლის, ექვსი კვირის წინ გამწვავდა. ორჯერ რუსეთის და ერთხელ აშშ-ის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ჩაიშალა.

მოლაპარაკებამ ეუთოს მინსკის ჯგუფის შუამავლობით ასევე ვერ გამოიღო შედეგი საბრძოლო მოქმედების შეწყვეტის კუთხით.

4 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი აკეთებს ყველაფერს, რათა კონფლიქტი მთიან ყარაბაღში რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზოჰრაბ მნაცაკანიანმა ერევანში 5 ნოემბერს განაცხადა, რომ თუმცა ეუთოს მინსკის ჯგუფი, რომელიც კონფლიქტის მოგვარების მცდელობებს წარმართავს, აგრძელებს თავის საქმიანობას, მაღალ დონეზე არავითარი შეხვედრები არაა დაგეგმილი.

27 სექტემბერს ბრძოლების გამწვავების შემდეგ, რუსეთის მონაცემებით, ორივე მხარეს ხუთი ათასამდე ადამიანია მოკლული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG