Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საია სასამართლოში გაასაჩივრებს 38 უბნის შედეგებს


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სასამართლოში 38 უბნის შედეგებს გაასაჩივრებს, რაც ჯამში სხვადასხვა ტიპის 60-მდე ოქმს მოიცავს. ინფორმაციაში, რომელსაც ორგანიზაცია აქვეყნებს, აღნიშნულია, რომ საია-მ შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობისა და მონაცემების ხელახალი გადათვლის მოთხოვნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საბოლოოდ 109 უბანთან მიმართებით წარადგინა საჩივარი, საიდანაც:

- 19 უბნის დალუქული დოკუმენტაცია გაიხსნა და გადაითვალა, რომლის შედეგად დაზუსტდა 23 შემაჯამებელი ოქმის მონაცემები.

- 2 უბანთან მიმართებით საია-მ მოხსნა მოთხოვნა, რადგან დარწმუნდა სადავოდ გამხდარი მონაცემის სისწორეში;

- 9 უბანთან მიმართებით მოთხოვნა განუხილველი დარჩა საჩივრის ელექტრონული ფორმით ჩაბარების გამო;

- 79 უბანთან მიმართებით საია-ს საჩივრები არ დაკმაყოფილდა ან/და განუხილველი დარჩა.

როგორც საია-ში აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ კითხვის ნიშნები 79-ვე უბნის შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით არ მოხსნილა, გადაწყვეტილება სასამართლოში მხოლოდ 38 უბნის გასაჩივრების შესახებ შემდეგი გარემოების გათვალისწინებით იქნა მიღებული:

„სასამართლოში სარჩელის წარდგენისთვის შემჭიდროებული დროის და მცირე რესურსის გათვალისწინებით, ორგანიზაციამ სასამართლოში დავისთვის პრიორიტეტი მიანიჭა ისეთ ოლქებს, სადაც ჯამში უფრო მეტი საჩივარი ჰქონდა წარდგენილი. ასევე, საია არ განაგრძობს დავას იმ ოლქებთან მიმართებით, სადაც გასაჩივრებული იყო ძირითადად მაჟორიტარული შემაჯამებელი ოქმები და წინასწარი მონაცემებით, პირველ და მეორე, ასევე, მეორე და მესამე ადგილებზე გასულ კანდიდატებს შორის არსებული სხვაობის გათვალისწინებით, გასაჩივრებული ოქმების გაბათილებას არ შეუძლია გავლენის მოხდენა მაჟორიტარული არჩევნების შედეგებზე”, - განმარტავენ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“.

საოლქო საარჩევნო კომისიებმა დაასრულეს უბნების შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობის და შედეგების ხელახალი გადათვლის მოთხოვნით წარდგენილი საჩივრების განხილვა. არჩევნების დარღვევებზე დაწერილი საჩივრების განხილვა, ცესკო-სა და რამდენიმე საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან ოპოზიციური პარტიების რამდენიმე ათეული წევრისა და მხარდამჭერის პროტესტის ფონზე წარიმართა. ხელისუფლება და ცესკო არჩევნების გაყალბებას უარყოფენ. საოლქო კომისიებში საჩივრების განხილვის დასრულების შემდეგ, მომჩივნებს ახლა შეუძლიათ სასამართლოებს მიმართონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG