Accessibility links

გახარია: პრინციპს რომელსაც ოპოზიცია მისდევს - ყველაფერი ან არაფერი, არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ პროცესთან


საპარლამენტო არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიციური პარტიების მოქმედებას ტელეკომპანია „იმედთან" ინტერვიუში გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.

გიორგი გახარიას თქმით, „პრინციპს, რომელსაც დღეს ჩვენი ოპოზიცია მისდევს - ყველაფერი ან არაფერი, არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ პროცესთან და ეწინააღმდეგება ჩვენი მოქალაქეების გადაწყვეტილებას, რომელმაც მანდატით დააჯილდოვა ამდენი ოპოზიციური ძალა".

როგორც პრემიერი ამბობს, მოქალქეებმა დაავალეს ოპოზიციას და მმართველი პარტიას, ერთობლივად იშრომონ ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული პროცესის გასაძლიერებლად და გასაუმჯობესებლად.

„ამოცანა ხომ მარტივია და ნათელია - საქართველოს მოქალაქემ ჩვენ მოგვცა დავალება - იშრომეთ ერთად იმისათვის, რომ ქვეყანა გაიყვანოთ სამშვიდობოს - ეს არის მთავარი. ამის მაგივრად კი ოპოზიცია დღეს იქცევა ვირუსის გავრცელების, აქციების მოწყობის და ქვეყნის ეკონომიკური კრიზისში შეყვანის თვალსაზრისით უკიდურესად უპასუხისმგებლოდ. მათი ნაწილი, ყოველ შემთხვევაში“, - თქვა გიორგი გახარიამ.

პრემიერ მინისტრი ყურადღებას ამახვილებს იმ პარტიების რაოდენობაზე, რომელბმაც გადალახეს 1%-იანი ბარიერი.

„პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში 9 პოლიტიკური პარტიისთვის მანდატის მინიჭება ეს პასუხისმგებლობის მინიჭება იყო. ეს იყო პასუხისმგებლობის მინიჭება და დავალება, 24 საათი ვიშრომოთ ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად და არა ქუჩის აქციების მოსაწყობად", - თქვა გახარიამ.

პრემიერი ამბობს, რომ ხარვეზებთან დაკავშირებით უნდა მოხდეს შესაბამისი გამოკვლევა და უნდა მიეცეს შესაბამისი სამართლებრივი შეფასება.

„31 ოქტომბრის არჩევნები საერთაშორისო დონეზე აღიარებული იყო, როგორც დემოკრატიის ფუნდამენტური უფლების შესაბამისი არჩევნები. ეს არის ფაქტი. რა თქმა უნდა ხარვეზები არსებობდა. ჩვენ გარდამავალი დემოკრატია ვართ და ეს ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს. ხარვეზები არსებობს იმისთვის და დემოკრატიული განვითარება არსებობს იმისთვის, რომ მსგავს ხარვეზებს ვუპასუხოთ შესაბამის დემოკრატიულ ფორმატებში, სამართლებრივი პროცედურების გავლით და ქუჩაში. განსაკუთრებით, ეპიდემიის და ეკონომიკური კრიზისის პირობებში. ამიტომ, ჩვენ ერთი რამ გვჯერა - ნებისმიერი ხარვეზი, რომელიც არსებობდა, არის გამოსწორებადი და ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად.

არ დაგვავიწყდეს კიდევ ერთი რამ, რომ საქართველოს მოქალაქეების მიერ გაკეთებული არჩევანი, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში 9 პოლიტიკური პარტიისთვის მანდატის მინიჭება ეს პასუხისმგებლობის მინიჭება იყო. ეს იყო პასუხისმგებლობის მინიჭება და დავალება, 24 საათი ვიშრომოთ ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად და არა ქუჩის აქციების მოსაწყობად. ხარვეზები, რომელიც არსებობდა, უნდა დადგინდეს, უნდა მოხდეს შესაბამისი სამართლებრივი გამოკვლევა და უნდა მიეცეს შესაბამისი სამართლებრივი შეფასება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რა თქმა უნდა, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა ოპოზიციაც და ის ადამიანებიც, რომლებმაც მათ ხმა მისცეს. „მმართველი ძალის პასუხისმგებლობა სწორედ ის არის, რომ შევძლოთ და ვიპოვოთ სწორედ ის გზები და ის სიტყვები, რომლებიც მოგვცემს შესაძლებლობას, ერთად მოვუაროთ ქვეყანას და ერთად გამოვიყვანოთ ქვეყანა მიმდინარე კრიზისიდან", - ამბობს გახარია.

როგორც პრემიერი ამბობს, მარტივი ელემენტარული ფასეულობები და პლატფორმა, რაზეც შეთანხმება უნდა შედგეს არის ის, რომ ყველამ ერთად უნდა შეიტანოს წვლილი ვირუსთან ბრძოლაში და არა ვირუსის გავრცელებაში.

„ჩვენ ყველამ ერთად წვლილი უნდა შევიტანოთ ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში და არა ეკონომიკური კრიზისის გავრცელებაში. ჩვენ ყველამ ერთად წვლილი უნდა შევიტანოთ დღეს, კრიზისისა და რეგიონში მწვავე კონფლიქტის პირობებში, რომელიც ტურბულენტობას ისედაც ზრდის, ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებაში და არა დასუსტებაში და ეს ის პლატფორმაა, რომელზეც ჩვენ შეგვიძლია, ნებისმიერ ადამიანს ველაპარაკოთ. ეს არის ის პლატფორმა, რაზე სასაუბროდაც დავალება მოგვცა ჩვენ ჩვენმა ამომრჩეველმა, მაგრამ არსებობს წითელი ხაზები და ეს წითელი ხაზი არის ერთადერთი - სახელმწიფო და ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობა, რომელზე გადასვლაც რა თქმა უნდა, ჩვენ ვერავის ვაპატიებთ. ესეც ჩვენი პასუხისმგებლობაა, ჩვენი სახელმწიფოს, სახელმწიფო ინსტიტუტების ინტერესები და ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა დავიცვათ“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა - ვინც, ცესკო-ს მონაცემებით, გადალახა ან ვერ გადალახა 1%-იანი საარჩევნო ზღვარი - ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომლითაც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადეს. პოლიტიკური პარტიები უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატებზე.

ოპოზიცია 8 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე გეგმავს საპროტესტო აქციას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG