Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სამი მედალი მოიპოვა


საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების წევრი ილია სულამანიძე ზედიზედ მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი 21-წლამდელთა შორის. 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველ ნომრად განთესილმა 19 წლის ძიუდოისტმა, ხორვატიის ქალაქ პორეჩში დღეს დასრულებულ ახალგაზრდულ ევროპირველობაზე, დილის პროგრამაში ფრანგ კენი ლივეცსა და შვეიცარიელ დანიელ აიხს მოუგო. ფინალში კი თურქ მერტ სისმანლარს აჯობა.

დღესვე, ევროკონკურენციაში ჩაერთნენ მიხეილ ბექაური (90 კგ) და საბა ინანეიშვილი (+100 კგ) და ორივემ რეპეშაჟის ფინალით დაასრულა ჩემპიონატზე გამოსვლა. ბექაური რუსეთის ნაკრების წევრ მანსურ ლორსანოვთან დამარცხდა და მეხუთე ადგილს დასჯერდა, ინანეიშვილმა კი პოლონელ ვოიცეხ კორდიალიკს სძლია და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ცხრაკაციანი შემადგენლობით გამოვიდა, სამივე სინჯის თითო მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში 36 ქვეყნის ვაჟთა ნაკრებს შორის მეორე ადგილი დაიკავა. სამდღიანი ტურნირის პირველ დღეს ლუკა კაპანაძე (66 კგ) გახდა ვერცხლის პრიზიორი.

9-10 ნოემბერს, პორეჩის იმავე დარბაზში, ევროპის 2020 წლის ჩემპიონ-პრიზიორებს 23 წლამდე ასაკის ძიუდოისტები გამოავლენენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG