Accessibility links

მარია კალესნიკავას პატიმრობა 8 იანვრამდე გაუგრძელეს


მარია კალესნიკავას, ბელარუსის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს პრეზიდიუმის წევრს კიდევ ორი თვით, 8 იანვრამდე გაუგრძელეს წინასწარი პატიმრობა.

ამის შესახებ ცნობა გაავრცელა ერთ-ერთმა ტელეგრამის არხმა, რომელიც ასევე პატიმრობაში მყოფ პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს, ვიქტარ ბაბარიკას ეკუთვნის.

მანამდე კალესნიკავას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, ლიუდმილა კოზაკმა, მედიას აცნობა, რომ საგამოძიებო კომიტეტმა უარი თქვა მისი დაცვის ქვეშ მყოფის გირაოთი გათავისუფლებას.

ბელარუსის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს პრეზიდიუმის წევრები, მარია კალესნიკავა და მაქსიმ ზნაკი დაპატიმრებული არიან ერთ საქმეზე, რომელიც აღძრულია „ძალაუფლების ხელში ჩაგდების თაობაზე მოწოდებების“ მუხლით.

ოქტომბრის ბოლოს მარია კალესინიკავას და მასთან ერთად ბელარუსის დემოკრატიულ ოპოზიციის ოთხ წევრს ევროპარლამენტმა 2020 წლის სახაროვის პრემია მიანიჭა.

ალიაქსანდრ ლუკაშენკას წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები დაიწყო 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. საპროტესტო გამოსვლების განმავლობაში ბელარუსში რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა, დაპატიმრებულია ათი ათასზე მეტი ადამიანი.

ლუკაშენკა, რომელიც 1994 წლიდანაა ხელისუფლების სათავეში, აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებშიც გამარჯვებულად გამოცხადდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ. ოპოზიცია აცხადებს, რომ კენჭისყრა ლუკაშენკას სასარგებლოდ გააყალბეს და რომ გაიმარჯვა მათმა კანდიდატმა, სვიატლანა ციხანოუსკაიამ.

აშშ და ევროპის კავშირი არ აღიარებენ ლუკაშენკას გამარჯვებას.

6 ნოემბერს ევროკავშირმა პერსონალური სანქციები დაუწესა ალიაქსანდრ ლუკაშენკასა და მის შვილს.

მათ გარდა, სანქცირებულთა სიაში აღმოჩნდა 14 მოხელე, რომლებსაც ევროკავშირი მიიჩნევს მონაწილედ 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაყალბებასა და დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართულ ძალადობაში. მათ შორის არიან ლუკაშენკას პრესმდივანი ნატალია ეისმონტი, ადმინისტრაციის უფროსი იგორ სერგიენკო და უშიშროების უფროსი ივან ტერტელი.

ამ პირებს ეკრძალებათ ევროკავშირში შესვლა, მათი აქტივები გაიყინება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG