Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუს-ი ინფორმაციას ავრცელებს „სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის ფაქტზე" მიმდინარე გამოძიებაზე


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იტყობინება, რომ 1 ოქტომბერს, დაიწყო გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის ფაქტზე. შესაძლო დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით.

როგორც სუს-ის განცხადებაშია ნათქვამი, საქმეზე გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში არსებული ოპერატიული ინფორმაცია, რომლის მიხედვით, კონკრეტული პირები, საპარლამენტო არჩევნებში მათთვის არასასურველი შედეგის შემთხვევაში, გეგმავდნენ მოეხდინათ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა, რა მიზნითაც ყოფილი სამართალდამცავი და სამხედრო მოსამსახურეების რიგებიდან აკომპლექტებდნენ მობილურ ჯგუფებს.

„გამოძიების ფარგლებში ჩატარდა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები, გამოიკითხნენ მოწმეები, მათ შორის ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში გასული სიუჟეტის რესპონდენტები, რომლებმაც გამოძიებას გარკვეული სახის ინფორმაცია მიაწოდეს. ასევე გამოიკითხა საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი კობახიძე, რომელმაც გამოძიებას მის ხელთ არსებული, იმ დაჯგუფებათა სია წარუდგინა, რომელთა გამოყენებას კონკრეტული პოლიტიკური ლიდერები საარჩევნო პერიოდში ძალადობრივი ქმედებების განსახორციელებლად აპირებდნენ. გამოძიების ფარგლებში დადგინდა და გამოიკითხა მოქალაქე, რომელმაც საქართველოს პარლამენტის წევრს ზემოაღნიშნული სიები მიაწოდა", - აღნიშნავს სუს-ი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება მტკიცებულებების შეკრების და დანაშაულის ჩამდენ პირთა მხილების მიზნით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG